სვანეთი, შხარა, ლამარია – ფოტო#6

გავაგრძელებ სვანეთის სერიას და ზამთრის სვანეთიდან უშგულისაკენ გავაპარებ მზერას. ულამაზესი ადგილია, ულამაზესი სოფლები. ჩემთვის აქაურობა ამ სურათთან, ამ ხედთან ასოცირდება, ლამარიას სალოცავი და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მუდმივად თოვლით დაფარული მთის ფერდობი IX-X საუკუნის ბაზილიკის და კოშკის ფონად. მართალია ხშირად გაეხვევა ხოლმე ეს ფერდობი ღრუბლებში თუ ნისლში, მაგრამ ესეც სხვანაირ იდუმალებას და მისტიურობას მატებს ამ ხედს.

DSCF9923
ლამარია და შხარა, უშგული, სვანეთი

ავტოსტოპტური_ სვანეთი-აჭარა 14-22.09.2015

ეს ჩანაწერები ჩემს ბლოკნოტში გავაკეთე. 2015 წლის სექტემბერში, როდესაც სვანეთი და აჭარა მოვიბოდიალე. მართალია მზის შუქს ეხლა იხილავს, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესოც იყოს. ერთი თხოვნა რაც მექნება ისაა, რომ დროების სხვაობას (ანუ თხრობის დროს ვგულისხმობ) და აზრის თანამიმდევრობას თუ ნახავთ სადმე დარღვეულს მომიტევოთ, ეს იქვე იწერებოდა პირდაპირ რეჟიმში და შეცდომებიც შესაძლოა ბევრი იყოს

ღამე მატარებელში და დღე 1 14/09/2015

სვანეთი და მისი ნახვა წელსაც გულში მქონდა ჩადებული. მივეჩვიე უკვე წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ვნახო, მონატრება იცის! ვიცოდი უნდა ამოვსულიყავი. რა ვქნა მიყვარს აქაურობა. გემრიელია… რაღაცნაირად. არ მიყვარს როდესაც მეკითხებიან: რომელი მთა გირჩევნია? თუშეთი? ხევსურეთი? აჭარა? სვანეთი? რაჭა? ვერ ვარჩევ! დაახლოებით იმ კითხვას ჰგავს ბალღობისას უფროსები, რომ გვეკითხებოდნენ ხოლმე მშობლებზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამაო? მოკლედ როგორცაა, ასე იყო თუ ისე სვანეთი უნდა მენახა (ეს მენახა ისე ჟღერს გეგონება პირველად ვიყავი, მაგრამ ასეა რა).

ბილეთები ზუგდიდის მატარებელზე ავიღეთ, პლაცკარტი (7.5 ლ) და კვირას 21.10 სთ-ზე გამომავალ მატარებელს გამოვყევით თბილისიდან. მე, დათო, ნინო და ლევანიკო. უნდა ვაღიარო აუტანლად ვიმგზავრეთ. მატარებლის ვაგონი სავსე იყო, არ ნიავდებოდა და საშინლად ცხელოდა, სუნზე შეგნებულად აღარაფერს ვამბობ. ტუალეტში საერთოდ არ შეისვლებოდა, ვერც კი მივხვდი რა უქნეს უნიტაზს. სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ძილი გამიჭირდა. პარალელურად livescore-ს ვიყავი ჩამოკიდებული. ლიტვა-საქართველოს საკალათბურთო მატჩის გამო და ნერვები მაწყდებოდა, რომ ვერ ვუყურებდი. მთელი ღამის ჯაყჯაყის შემდეგ 6:30 სთ-ზე როგორც იქნა ზუგდიდში ჩავედით. გამოვედით ქალაქში და მშივრებმა მივაშურეთ სმარტს (მარტო ეგ იყო ღია), სადაც არ ვიცი როდინდელი ბრინჯის ღვეზელები (მარტო ეგ ჰქონდათ) მივირთვით და ქალაქის ქუჩებს ფეხით გავყევით, ქალაქის გასასვლელისაკენ, მესტიის მიმართულებით. გზად ყოველი შემთხვევისთვის ტრანსპორტი ვიკითხეთ. ავტოსტოპმა მალევე გაამართლა, მანქანამ სადღაც 20-25 წუთში გააჩერა. სატვირთომ (ტრაილერმა) და რა დიდი იყო ჩვენი გაკვირვება/სიხარული როდესაც აღმოჩნდა, რომ მესტიაში მიდიოდა. მძღოლი ზვიადი კარგი და კეთილი ადამიანი. მართალია გზას მესტიამდე უფრო მეტი დრო მოვანდომეთ ვიდრე ჩვეულებრივ მსუბუქი ავტომობილით ვუნდებით ხოლმე, მაგრამ მშვენივრად ვიმგზავრეთ და ზუგდიდში გზაზე დგომას ნამდვილად სჯობდა. გზა კარგად გავიარეთ. ბევრგან შევნიშნე მშენებლობა, რემონტი. უამრავი სატვირთო, რომლებიც თეთნულდის სათხილამურო ტრასის მშენებლობისაკენ მიემართებოდნენ. მესტიაში სამ საათზე ვიყავით. მეგობართან მოვთავსდით და ქალაქში გავედით. ჩემს გარდა ყველა პირველად იყო და შესაბამისად ყველაფერი სიახლეს წარმოადგენდა მათთვის. ადგილობრივი კუბდარი და ფეტვიანი ხაჭაპური დავაგემოვნეთ და გავისეირნეთ. სეტში ვიბოდიალეთ, ტურისტულ საინფორმაციოში რუკები ავიღეთ და ბეთქილისკენ დავეშვით. სხვათაშორის ტურისტული მარშრუტების რუკები დაუბეჭდიათ ტოპოზე დატანით. მართალია მასშტაბი არაა სახარბიელო და ხაზის სისქე, თუმცა სულ არაფერს სჯობს. შებინდებამდე სახლში დავბრუნდით. გადაწყვეტილი გვაქვს თუ უღრუბლო ამინდი იქნა ქორულდის ტბებზე ავიდეთ, არ მახსოვს მერამდენედ ვარ მესტიაში და ტბები ჯერ არ მინახავს. ამინდი ახლა ცოტა მოღრუბლულია თუმცა კარგი პირი უჩანს. თუ მოწმენდილი და მზიანი ამინდი იქნა ხედები ფანტასტიური გვექნება.

DSCF7259

მესტია და დღე 2 15/09/2015

გაღვიძებით ადრე გავიღვიძეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ამინდი არ მოგვწონდა. ღამე ისე კარგად გვეძინა ვერ ავღწერ, გრილად, საძილეში გახვეული. ამინდი მოღრუბლული იყო, აი ისეთი წვიმას თან რომ აპირებს და თან არა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ქორულდზე ავედით ხედები არ გვექნება და სავარაუდოდ ძალიან ეციება. ამიტომ ტბები უშგულიდან დაბრუნებისათვის გადავდეთ და მესტიაში ბოდიალი გადავწყვიტეთ. თან იმ იმედით, რომ მესტიის ცნობილი მუზეუმი სამშაბათს არ ისვენებდა. მოკლედ ქალაქში გავედით და გეზი მუზეუმისაკენ ავიღეთ. შესვლა 5 ლარი ღირს. ძალიან ძვირფასი ექსპონატებია დაცული, კარგია თვითონ შენობაც და აქ ყოფნაც ერთი სიამოვნებაა. შემდეგ სახურავზე ავედით, შესანიშნავი ხედია მესტიაზე. მუზეუმის შემდეგ აწვალის (ჰაწვალის) გზას ფეხით დავადექით, მალე მანქანა წამოგვეწია და შედეგად რამდენიმე წუთში საბაგიროსთან აღმოვჩნდით. საბაგიროთი მგზავრობაც 5 ლარი ღირს. მოკლედ ავედით ზევით ზორულდზე და იქ მდებარე კაფესთან აივანზე მოვთავსდით, აქ წყლის გარდა ყველაფერს შეძლებისგვარად ნორმალური ფასი აქვს, თუმცა ფასები არაფერ შუაშია იმასთან შედარებით, რომ აქ ყოფნა ერთი სიამოვნებაა, განსაკუთრებით კარგ ამინდში.  წყალი (30 თეთრიანი ბოთლი) 2 ლარი ღირს, ყავა 3 ლ, ლუდი ერთი ბოთლი 4 ლ. მოკლედ კარგად ვიხალისეთ, დავისვენეთ, სურათებისთვის ვიპოზიორეთ. ერთი რაც იყო უშბა შეემოსა ღრუბელს და ხედს თითქოს  რაღაც აკლდა. უკან კმაყოფილები დავეშვით და გზად მალე ისევ წამოგვეწია სამარშრუტო, რომელმაც ქალაქის ცენტრამდე ჩამოგვიყვანა. იქვე კარტოფილი, კიტრი, პომიდორი ვიყიდეთ და სახლისკენ წამოვედით. გადავწყვიტეთ ხვალ დილიდან უშგულისკენ გავეშუროთ. ორ დღეს მაინც გავჩერდეთ, თუ არ დაგვეზარა სამსაც.

გზა უშგულისაკენ, უშგული და დღე 3 16/09/2015

დილით შეძლებისდაგვარად ადრე გავედით. პური და სხვა საჭირო ატრიბუტები ვიყიდეთ და უშგულის გზას დავადექით. გვინდოდა ჰაწვალის გადასახვევს გავცდენოდით, რომ ავტოსტოპზე დავმდგარიყავით. გადასახვევამდე არც მივსულიყავით პიკაპმა გაგვიჩერა და მულახის გადასახვევამდე წაგვიყვანა. აქედან მცირე ლოდინის შემდეგ თეთნულდისაკენ მიმავალი სატვირთო შემოგვეშველა და უღელტეხილამდე გემრიელად მივედით. ეს ის უღელტეხილია რომლიდანაც გზა ენგურის ხეობაში სოფელ იფართან ეშვება, ერთ მხარეს გზა მშენებარე სათხილამურო ტრასებისაკენ მიდის, მეორე მხარეს სოფელ წვირმისაკენ. ჩვენ უღელტეხილს ცოტა ჩავცდით და შედარებით სწორ ადგილას ტრანსპორტს დაველოდეთ. აი აქ კი დიდხანს მოგვიწია ლოდინმა. უამრავმა მანქანამ გაიარა სავსემაც და ცარიელმაც, მაგრამ მათგან ხეირი ნამდვილად არ ყოფილა. ზოგი აჩერებდა (ალბათ ფიქრობდა უცხოელები არიან და ფულს „წავართმევო“), ორი სიტყვა ქართულად და აგრძელებდნენ ულაპარაკოდ გზას ისე თითქოს ვერ ვხვდებოდით, რატომ გააჩერეს თავიდან ნახევრად ცარიელი მანქანებით. იფარისკენ დაშვება ფეხით დავიწყეთ, სოფლამდე ცოტა გვაკლდა ერთი ჯიპი წამოგვეწია, გავაჩერეთ და დათოს გარდა ყველა შიგნით აღმოვჩნდით. გზაში ცოტა ვილაპარაკეთ და მჟავე წყალთან, სოფელთან ახლოს გავჩერდით. აქ სრულიად ცარიელი დელიკით დათო დაგვეწია ახალ თანამგზავრებთან ერთად და ყველა ერთად ერთ საათში უშგულში ვიყავით. ვინც აქ არ ყოფილა ბევრი დაუკარგავს. სოფლები ავიარეთ და ლამარიასთან ავედით. აქედან საოცარი ხედი იშლება სოფლებზე. ისევე როგორც უშბა, შხარაც გაგვეპრანჭა და იმხელა ღრუბლის საბანის ქვეშ დაიმალა, კაცი იფიქრებდა ერთ კვირასაც არ გამოჩნდებაო. კარავი იქვე ლამარიასთან გავშალეთ, ვჭამეთ და კარავში შევძვერით. საღამოს ცივი  ნიავი ქროდა. კარავი კი გვათბობდა. ინტერნეტი კარგად იჭერდა და დროის მოსაკლავად ფილმსაც კი ვუყურეთ. კარიბის ზღვის მეკობრეები 4.

უშგული, გზა მესტიისკენ და დღე 4 17/09/2015

ღამე თითქოს არ ციოდა, მაგრამ გამთენიისას შემოგვიტია. ცხრა საათამდე გეგვეღვიძა, როგორც კი მზის პირველი სხივები გამოჩნდა. კარვის ტენტი სველი იყო, შიგნიდან სითბოს და გარედან სიცივის გამო. გავხსენით თუ არა, ცივი სუფთა ჰაერი შემოიჭრა შიგნით. მთელი ღამე ჩვენს გარშემო ძროხა, ცხენი და ეშმაკმა იცის კიდევ რა აღარ დაბოდიალობდა, ხმებს გამოსცემდა, ჰოდა ყველაფერს ველოდი თუმცა, ამ ყველაფრისაგან განსხვავებით ზედ კარვის კართან უზარმაზარი, თეთრი, კავკასიური ნაგაზი ატუზულიყო. მოკლედ ახლა დილის რიტუალს ვატარებთ, კარავს ვაშრობთ, ვჭამთ, ყავას გეახლებით. მე ვწერ. ცოტა ხანში შხარას მყინვარისკენ ავიღებთ გეზს და თუ გაგვიმართლა დღეს მესტიაშიც დავბრუნდებით.

შხარას მყინვარამდე კარგა დრო დაგვჭირდა, რუკაზე დაწერილი 8 კმ ორივე გზას ნაღდად არ ნიშნავდა, არადა ისე ჩანდა თითქოს ორივე მიმართულება იყო ჯამში 8კმ. ბოლოში თან უფრო უსიამოვნო სასიარულოა, ქვიანი, ენგურის გასწვრივ. ტელეფონი თითქმის ბოლომდე იჭერდა. დათო და ლევანიკო დაბლა დარჩნენ. ჩვენ გზა გავაგრძელეთ. უკან დაბრუნებისას დაგვირეკა დათომ, ლამარიასთან ვარ, მანქანაა და მოდითო. ბოლო ნახევარი საათი მე და ნინომ ვირბინეთ. პიკაპით ჯერ ზაგაროს უღელტეხილზე ავედით, იქ ცამეტი ასურელი მამის სახელობის ეკლესია შენდება და წყალი და საშენი მასალა მივიტანეთ. უკანა გზაზე წყაროსთან საჭმელიც მივირთვით და მესტიაშიც მალე ჩამოვედით.

ქორულდი და დღე 5 18/09/2015

დილით ქორულდის ტბებისკენ წავედით მე და ნინო. სახერხთან გზა ავურიეთ და უაზროდ ვიარეთ ჭალაადისკენ. ოღონდ მდინარის მეორე ნაპირზე. ტყეში შეშაზე გასული კაცი შეგვხვდა, აგერიათო გზა. დავბრუნდით უკან. ასვლა რომ დავიწყეთ ტბებისკენ 12:30 სთ იყო. სამანქანო გზას ავყევით, მოწმენდილმა ცამ მთელი სილამაზით გამოაჩინა სვანეთის კავკასიონი, თუ ოდესმე ამ ტბების მონახულებას გადაწყვეტთ, აარჩიეთ მზიანი და მოწმენდილი ამინდი. თეთნულდი, ჰაწვალი, ზორულდი, ბანგურიანი, ჩათინი, უშბა, ლეხზირი….გზად თხილი და პანტა…. ჯერ დასაწყისში ავავსეთ მჟავე წყალი ეკლესიასთან, მერე გზად გამომავალი წყაროდან. ბოლოს ჯვარს, რომ გასცდები იქ მოდის მილიდან. ულამაზესი ხედი იშლება მთელს გზაზე და უამრავი ხალხი გხვდება, ძირითადად ტურისტები. სიმაღლე საკმაოდ უნდა აიღოთ და მანძილიც არაა პატარა, მაგრამ დამიჯერეთ ღირს. ჯვართან შევისვენეთ და საჭმელი ვჭამეთ. სიმაღლე სადღაც 2200 მ-ია. თავზე ადგახარ მესტიას, რომელიც ხელისგულივით მოსჩანს. გავაგრძელეთ გზა, აღმართი აღმართს მოსდევს, ნელნელა უშბაც იმალება, რადგან მთები ეფარება, მარცხნივ გულის უღელტეხილი გამოჩნდა. აქ შარშან გადმოვედით მაზერიდან და ლენჯერში ჩავედით. გზაზე უკრაინელებს დავეწიეთ, გოგო და ბიჭი იყვნენ. პირველად არიან აქეთ, ისე როგორც ამბობენ ბევრს მოგზაურობენ. გოგო ჟურნალისტია უკრაინის რადიოში მოგზაურობაზე მიჰყავს გადაცემა. გვთხოვეს ტბებზე, რომ ავალთ ჩაგწერთო. დავეთანხმეთ კაიო და გზა განვაგრძეთ. სამივე ტბა ისეთ დროს ვნახეთ, ჯერ მზე მიწისკენ არ დაშვებულიყო. კლდეების და მთების თოვლიანი წვერები ისე ლამაზად ირეკლებოდა ტბაში, საოცრებას ჰგავდა. მოკლედ მცირე ბოდიალის, სურათების გადაღების შემდეგ, ჩვენმა უკრაინელებმა დიქტოფონზე ჩაგვწერეს. მიუხედავად ჩემი “ზღაპრული” რუსულისა (ვსწილე დაუნ ვი დიქტეიტე), მგონი მაინც რაღაც გამოვიდა. სტანდარტული კითხვები, რატომ სვანეთი? რატომ საქართელო? რამდენი ხანია რაც დადიხართ? და ასე შემდეგ. ბოლოს იყო, რამე ლეგენდას ხომ ვერ გაიხსენებდიო, და მეც საიდან გამახსენდა სიყვარულის კოშკის ამბავი ის ვიბლუყუნე რუსულად. მალე დავეშვით უკან, ჯვართან ნიშნული დგას, ერთი ბილიკი წესით იქიდანვე ეშვება მესტიაში, მაგრამ დაახლოებით 100-150 მეტრის შემდეგ ისეთი დაღმართი დაიწყო ტყეში, უკრაინელები გადაირივნენ, ნახევარი გზა ჩავლილი გვქონდა. ვატყობდი ვერ მოდიოდნენ, თითქოს ეშინოდათ. ბნელდებოდა, ფანრები მხოლოდ მე და ნინოს გვქონდა. უკან დაბრუნება შევთავაზეთ, დაგვთანხმდნენ და ეს ამხელა აღმართი უკან ამოვიარეთ. ერთი რაც ვერ გავიგე ის იყო, რომ ეს აშკარად არა ტურისტული ბილიკი, რატომ იყო რუკაზე მარშრუტად დატანილი? რატომ არ იყო მარკირება? მოკლედ გზაზე ამოვედით და სამანქანო გზით დავეშვით, დაბნელდა და სადღაც ნახევარ საათში დელიკამ ჩამოიარა. თვითონვე გაგვიჩერა და გზაზეც გაგვიყოლა დაბლა ხიდამდე. აქედან სახლამდე კი სულ რაღაც 15 წუთის სავალი გვქონდა. უკრაინელები სადღაც ცენტრისკენ ცხოვრობდნენ. მოკლედ დავემშვიდობეთ ერთმანეთს, დავპატიჟეთ ისევ საქართველოში, იმათ კარპატებში და ასე დავიშალეთ. იმ იმედით, რომ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს. ისე ვიყავი დაღლილი ჭამის მერე უკვე თვალები მეხუჭებოდა. ვიცი, რომ დავწერ მკვდარივით დამეძინება.

მესტია და დღე 6 19/09/2015

11 საათზე გავიღვიძე. მესტიაში ბოდიალი გადაწყდა. მარგიანის და ხერგიანის მუზეუმები ვნახოთო გადავწყვიტეთ. მოკლედ  ხვალ წასვლას ვაპირებთ და კარგი დასვენება გამოგვივა. განსაკუთრებული არაფერი, ჯერ მარგიანების მუზეუმისკენ გავწიეთ. მარგიანების მაჩუბი – ასე ჰქვია მუზეუმს ლანჩვალში. კოშკი, სადაც შეიძლება ბოლომდე აძვრე და სვანური საცხოვრებელი, მოწყობილი ისე, როგორც ერთ დროს აქ მცხოვრებ პატრონების დიდ ოჯახს ჰქონდა მოწყობილი. ცეცხლთან ყველაზე საპატიო ადგილზე მახვშის სკამი დგას (სავარძელი), ცეცხლის ადგილს ცენტრალური მდებარეობა უჭირავს. სავარძლიდან ხელმარჯვნივ დასაჯდომებია ოჯახის წევრთათვის, წინ საპატიო სტუმრებისთვის. მთელს საცხოვრებელში კედლებზე, ძელებზე მოთავსებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, კვარის ასანთები, ხორცის საკიდი, თაროები კედლების გაყოლებაზე, ხის კონსტრუქცია სადაც საქონელი თავსდებოდა. ისინი ზამთრის პერიოდში ადამიანებთან ერთად ცხოვრობდნენ და საცხოვრებელში სითბოს ინარჩუნებდნენ. შემოსასვლელში პატარა კარია, კედელზე გვერდით. აქედან შეჰყავდათ საქონელი შიგნით. დაბლა პატარა მარნის მსგავსი შენობაა, სადაც მარცვლეულის და პროდუქტის შესანახი სათავსოებია. ზევით კი დარბაზი. წელიწადის თბილ დროს ოჯახი აქ ატარებდა. ცივ პერიოდს კი იმ შენობაში სადაც საქონელი ჰყავდათ. საქონლის სადგომის თავზე კი ისე იყო მოწყობილი, რომ ადამიანს პირდაპირ აქ დაეძინა. მუზეუმის შემდეგ ცოტა ხნით იქვე მდებარე კაფეში კუბდარი და ჭვიშტარი გეახელით. გზა კი მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმისკენ გავაგრძელეთ ლაღამისკენ. მისვლისთანავე შევნიშნეთ ხალხმრავლობა, როგორც აღმოჩნდა მეკლდეურებს აჯილდოებდნენ. დათვალიერება ისევ სვანური საცხოვრებლით დავიწყეთ და ზედა სართულებზე გავაგრძელეთ. მცირე ორი დარბაზი სადაც მოკლედაა აღწერილი ცნობილი ალპინისტის და მეკლდეურის მოღვაწეობა, სპორტული მიღწევები. წლები როდესაც მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა მწვერვალებზე და მთათა მასივებში, კედელი 1969 წლით მთავრდება როდესაც იტალიაში, დოლომიტის მთებში, მწვერვალ სუ-ალტეზე ასვლისას ტრაგიკულად დაიღუპა. აქვე გამოფენილია ინვენტარი, მედლები და ჯილდოები. ამ ოთახების შემდეგ კოშკი და სახლია, სადაც სურათები, ლექსები და უმრავი რამ სპორტსმენის წარმატებებს გვამცნობს. მოსაღამოვდა კიდეც და უკან დავბრუნდით, ვჭამეთ და ჩვენს მეგობარს ველოდებით რომელიც თბილისიდან სტუმრებთან ერთად მოდის. პ.ს. ამ დღეს ერთი მაგარი ამბავი მოხდა, ლანჩვალში კაფეში ჯდომისას გავიგე, რომ მსოფლიოს სარაგბო ჩემპიონატზე საქართველომ ტონგა დაამარცხა 17-10.

მესტია-ქუთაისი-ბათუმი და დღე 7 20/09/2015

დილით ნელნელა ავიშალეთ. მაქანით მესტიის გასასვლელთან მივედით და ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს დაველოდეთ. დიდ ხანს არ გვიცდია, “მარშრუტკამ” გააჩერა და ჩვენი ადგილებიც გამოინახა. პოლონელები იყვნენ, ზუგდიდამდე გაგვიყოლეთო და თუ მოთავსდებით კი ბატონოო მათაც. კიდევ ერთი მგზავრი იყო, სვანი, ლატალამდე მოდიოდა. მოკლედ, როგორც იქნა მოვთავსდით. მე პარალონზე. სამარშრუტო სამოგზაუროდ იყო მოწყობილი: მაგიდა, საწოლები, კარადები. მოკლედ პატარა, მაგრამ მოსიარულე სახლი. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდიდან გაცილებით მეტი დაგვჭირდა მესტიამდე, უკან გზაზე დაბრუნება უზომოდ გაიწელა. თითქმის არ გავჩერებულვართ არსად. ჯვარში გზა აგვერია, თუმცა ჩვენ კი არა პოლონელებს. სანამ თვითონაც არ დაიბნენ ჩვენ გვეგონა, რაღაც სხვა ჰქონდათ ჩაფიქრებული, ისეთი თავდაჯერებულები მიდიოდნენ მეორეხარისხოვან გზაზე. საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ ქუთაისში მიდიოდნენ და ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდით. მესტიისკენ, როდესაც მიდიხარ, დასვენების, გართობის და თავგადასავლების მოლოდინში, გზა ზუგდიდიდან მესტიამდე არც ისე დამღლელია. აი უკან დაბრუნებას კი ვერ ვიტან, ისე იწელება ერთი სული გაქვს, როდის დამთავრდება. ვეღარც ხედებით იქცევ თავს, ვერც იძინებ…  როგორც იქნა ჩავაღწიეთ ქუთაისში, ნინო და ლევანიკო თბილისისკენ წავიდნენ. მე და დათო ბათუმისკენ სამარშრუტოთი. ღამე იყო ბათუმში, რომ ჩავედით. მოკლედ დათოს მეგობარი უნდა გვენახა. ჩანთააკიდებულებმა ცოტა ხანს ქალაქში ვიბოდიალეთ, შემდეგ ღვინოზეც დაგვპატიჟეს და ბოლოს გადავწყვიტეთ ბუკნარში დავბანაკებულიყავით. ღამის სამი საათი იყო, რომ მივედით. ძალიან გვინდოდა ბანაობა. კარავი ავაწყეთ და ეგრევე წყალში ჩავცვივდით. სადღაც 4 საათი იყო შუაღამის, რომ დავიძინეთ.

ბათუმში შუაღამისას ჩაბოდიალება

 

ბუკნარი-ბათუმი-კვარიათი და დღე 8 21/09/2015

გვიანობამდე მეძინა. გვიან დაძინებამ, თავისი შედეგი გამოიღო. გავიღვიძე თუ არა ზღვაში ჩავედი, ნაპირზევე გავშრი მზეზე და უკან დავბრუნდი საჭმელად, დასალევად. მე, დათომ და იქაურმა ბაბუმ სამ ლიტრ ღვინოზე ნაკლებს მოვუღეთ ბოლო. ეს ღვინო წინა დღეს ბათუმში ვიყიდეთ, სარდაფის სახელი არ მახსოვს, მხოლოდ ის რომ იმ ქუჩაზე ბევრი ფერადი ქოლგები ეკიდა ლამაზად. ათასგვარი აზრი გვიტრიალებდა თავში, რა გაგვეკეთებინა. ერთი ნაღდი იყო: მთიანი აჭარა გადავიფიქრეთ. რამდენიმე მიზეზი გვქონდა: ხიხანის ციხეს ან ვნახავდით ან ვერა, გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხისკენ ან მოვხვდებოდით ან ვერა (დროში შეზღუდულები ვიყავით და არ ვიცოდით მანქანები რა სიხშირით მოძრაობდნენ, რადგან ციოდა და არ მგონია ზემოთ ხალხი მრავლად ყოფილიყო) და ყველაზე მთავარი, ზღვის სუნი ვიგრძენით თუ არა მოძრაობის/მოგზაურობის რიტმიდან ამოვვარდით. აშკარად დასვენება გვერჩია. კარავი ავკეცეთ. ბარგი ბაბუსთან დავტოვეთ და გზაზე გამოვედით. სამარშრუტოთი ბათუმში მოვხვდით და ბოდიალი დავიწყეთ. ჩვენი მეგობარი სოფო კვარიათში იყო, ჯერ წინა საღამოს ვაპირებდით ნახვას, მაგრამ დრო არ გვეყო, დავგვიანდით. ჰოდა მის სანახავად გავეშურეთ. გზად ახალი ბრიჯები ვიყიდე, ის რაც მქონდა მთისთვის სალაშქროდ იყო და ქალაქში საბოდიალოდ აშკარად ვერ ქაჩავდა. მოკლედ სადგურისკენ წავედით სადაც კვარიათისკენ მიმავალი სამარშრუტოები დგანან, გზად ორი ბოთლი ღვინო „ავითრიეთ“ და სოფოს ვესტუმრეთ. მოკლედ შესანიშნავი საღამო გამოვიდა მზის ჩასვლა, მეგობრები, ღვინო, ზღვა…. სასტუმროს აივანზე გემრიელად მოვილხინეთ, ღამით გამოვედით, სტოპზე დავდექით და მანქანასაც მალე გამოვყევით. ბათუმში დათოს ახლობელთან შევიარეთ და იქიდან წამოსვლა ჩვენით აღარ დაგვანებეს და მანქანით მიგვიყვანეს ბუკნარში. გზად კიდევ ერთი ბოთლი ღვინო მივაყოლეთ ხელს და მისვლისთანავე ისევ ზღვაში ჩავცვივდით, შემდგომ ღვინო და გემრიელი ძილიც მივაყოლეთ.

დაბრუნება, როგორც ასეთი. ბათუმი-თბილისი დღე 9 22/09/2015

მოკლედ, წინადღიდან მოყოლებული უამრავი შესაძლო ვარიანტი ავწონ-დავწონეთ. რა გვექნა მეორე დღეს? უამრავმა აზრმა გაილევა: ისევ ბათუმი? არა. მტირალას პარკი? არა. სახლი? აი ამაზე კარგად დავფიქრდით. თან ერთი, რომ შეგიჩნდება ჭია და ჩაბარგდები მერე სულ სახლისკენ მიგიწევს გული, იმიტომ რომ თითქმის ათი დღის მომთაბარეობა მოსაწყენი ხდება. გვქონდა იდეა კაცხში ან სადმე გადაგვეხვია ერთი ღამით, თან გზა იქით გვქონდა, ამიტომ ტრანსპორტზე და ავტოსტოპის ღმერთზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ჩავლაგდით და გზას დავადექით. ტრასაზე გამოვედით და ავტოსტოპზე გავჩერდით. კარგა ხანს მოგვიწია ლოდინმა და გაგვიჩერეს. მოკლედ ამბავი, რომელიც ძალიან მოკლედ უნდა მოვყვე ახლა უცნაური და შეიძლება ერგვარად თავშესაქცევიც იყოს, მაგრამ წასაკითხათ დიდი ვერაფერი. მემგონი ჯობდა იქ ყოფილიყავით. იმის გამო რომ ჩვენი თანამგზავრების სახელები არ მახსოვს და ისედაც არ დავწერდი ალბათ პირდაპირ, ამიტომ მათ პირობითად ბაბუა თამაზი და ბაბუა სევერიანი ვუწოდეთ. მოკლედ: მე და დათომ მას შემდეგ რაც სახლისკენ წასვლა და სექტემბრის თბილი, ნესტიანი და გემრიელი ზღვის ჰაერის მიტოვება გადავწყვიტეთ, სწრაფად მოვუყარეთ ყველაფერს თავი. დროც იყო და საშუალებაც, მაინც სახლისკენ გავრბოდით. სულ ასე ხდება, მიყვარს აჭარა, მისი მთაც და ზღვაც, მაგრამ ეტყობა მეშინია ერთ ნახვაზე ბევრი არ მომივიდეს, ამიტომ ერთ ჯერზე ჩემი მაქსიმუმი იქ ყოფნის 4-5 დღეა. ხალხიც რაღაც სხვანაირად გულთბილი, სტუმართმოყვარე და კეთილია. ჰოდა მიუხედავად ამისა მაინც ვერ ვჩერდები დიდხანს და ამჯერადაც ასე იყო. ბუკნარი გამოვიარეთ და გზაზე დავდექით. ლოდინი დიდხანს მოგვიწია, ჯიპით ორმა ბაბუამ გაგვიჩერა (პაპას დავწერდი დასავლეთში, რომ არ მომხდარიყო), საჭესთან ბაბუა თამაზი იჯდა, გვერდით ბაბუა სევერიანი. იმერეთში მიდიოდნენ, ვანისკენ. ჩვენ რა თქმა უნდა გვაწყობდა და შევხტით მანქანაში. ახალ შემოვლით გზაზე ვიყავით. რა თქმა უნდა ტრადიციული გამოკითხვა გავიარეთ, რომელსაც ალბათ ყველა სტოპერი გადის. სიჩუმე ჩამოვარდა თუ არა მძღოლმა აქაურობა ზეპირად ვიციო და მაგისტრალზე გზა შეეშალა. აქ მე და დათომ პირველად გადავხედეთ შეფიქრიანებულებმა ერთმანეთს, თან ეტყობოდათ შეზარხოშებულები ბრძანდებოდნენ (ნუ მძღოლი ნაკლებად მაგრამ…) და თან კიდევ ლუდისკენ იწევდნენ. გზაზე ლუდი იყიდეს, ბაბუა სევერიანი კარგად შეთვრა და ხმამაღალ საუბარს, შიგადაშიგ გინებაც მიაყოლა. ქვეყნის ავკარგის, ამინდის და ბუნების მიმოხილვის შემდეგ, სადღაც გადარეკა და აღმოჩნდა რომ გურიაში ერთ სოფელში უნდა შეგვევლო. ბაბუმ მძღოლს სთხოვა თან, ადრე საიდანაც გადიოდა ეგ გზა იქიდან წადი, ტრასას გვერდი აუქციეო, მომენატრა ის გზაო. სანამ ამ დანგრეულ გზაზე შევუხვევდით დათომ გადმომხედა, ხომ არ დავემშვიდობოთო. მაგრამ სიმართლეს გაუმარჯოს ეს არ ვიცი რაზე აღელვებული ბაბუ მაშინებდა, ვიცოდი ვერ გაგვიგებდა და ალბათ მოვლენების განვითარებისთვის თვალის მიდევნების ერთგვარად უცნაურმა აზარტმაც იფეთქა. მოკლედ სოფლისკენ გადავუხვიეთ, თუმცა სულ ტყუილად. გადავუხვიეთ და ეგრევე ხიდის ქვეშ გაშლილ, გურულების „ზაოტს“ მივადექით, აქეთ არააო სოფელი, დავბრუნდით უკან და ახლა სხვაგან შევუხვიეთ. ამ გურულებს ხიდის ქვეშ ახლა მეორე მხრიდან მივადექით. აქ უკვე ბაბუ მოთმინებას კარგავდა. მესამე ცდაზე საერთოდ სხვაგან მოვხვდით. ამ ყველაფრის ფონზე ვიდრე არკვევდნენ აღელვებულები ზუსტ მდებარეობას. ალბათ 100 წლამდე მიღწეული გამხდარი და გალეული,  საერთოდ სხვა, მოხუცი გურული ბაბუ ცდილობდა „დაუკითხავად“ მანქანაში ჩაჯდომას. მიუხედავად ახსნისა, რომ მანქანა მისთვის სასურველი მიმართულებით არ მიდიოდა იგი ჯიუტად აგრძელებდა მანქანის გაღებას, თუმცა საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა. მოკლედ ამ უცნაური დავიდარაბის შემდეგ, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები გაოცებულები ადევნებდნენ თვალს მივედით იქამდე სადაც მივდიოდით. აქ გულიანად გვიმასპინძლეს და ბოლო ბოლო როგორც იქნა დაფნარის გადასახვევამდეც მივაღწიეთ, აქედან სწრაფად ჩავედით სამტრედიამდე და ვიდრე ქუთაისისაკენ წავიდოდით ტუალეტში შესვლა გვინდოდა. მოკლედ გზის გასწვრივ არც ერთამა ადამიანმა არ შეგვიშვა სახლში, უფრო სწორად ტუალეტში (დღისით ხდებოდა ეს ყველაფერი). გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივ ტუალეტსაც არ მიაქვს ქართული დასახლებული პუნქტები. გულთბილ მოკითხვას ვუთვლიდით ყველას ვინ არ დაგვეხმარა ამ განსაცდელში. ბოლოს ისევ მანქანა გავაჩერეთ და ქუთაისის შემოვლით გზამდე გავყევით, აქედან უკვე დაღამებულზე, ისე რომ გაჩერება არსად გვიფიქრია გორამდე, გორიდან კი თბილისში აღმოვჩნდით. ასე გასრულდა მრავალდღიანი ავტოსტოპ ტური, მთა და ზღვა რომ გააერთიანა ერთ დასვენებაში.

თბილისი-მესტია-ბათუმი-თბილისი. 09-2015

 

ავტოსტოპი :))))