ფინალამდე წასაკითხი ბერძნული საფეხბურთო ამბები

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა. ძნელია იმაზე საუბარი თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს ჩვენთვის, ძნელი კი არა შეუძლებელიც კია. ეს არ არის მხოლოდ დიდი ხნის ნანატრი ოცნების ახდენა, ეს მატჩი თავისი წონით მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართულ მატჩს თუ შეედრება… მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით უფრო მძაფრად შეიგრძნობა, უფრო ახლოს ჩანს მიზანი და უფრო ძლიერები ვჩანვართ ჩვენ. ეს წინასამატჩო პრევიუ კი ჩვენი ნაკრებისთვის არ მიმიძღვნია, არც კონკრეტულად მომავალ მატჩს ეძღვნება, ამაზე ისედაც ბევრი იწერება. ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ ვთქვა ბერძნული ფეხბურთის შესახებ, ვნახოთ რა გამოვა. 

ევრო 2024-ის მასკოტი ალბერტი საქართველოს ნაკრების დებიუტს ელოდება

თანამედროვე ბერძნული ფეხბურთი სათავეს მე-19 საუკუნის ბოლოდან იღებს. ისე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქაც მისი ძირითადი გამავრცელებლები ინგლისელი მეზღვაურები გახლდნენ. თანამედროვეს კი იმიტომ ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე აგორებდნენ თურმე ბურთს ელინები, მართალია ეს მთლად ფეხბურთი არ იყო, მაგრამ მისი ერთერთი წინამორბედი სახეობა ნამდვილად. დავუბრუნდეთ ისევ თანამედროვეობას. ფეხბურთის ფედერაცია 1926 წელს დაარსდა მას შემდეგ რაც ათენის, პირეოსის და სალონიკის საფეხბურთო კავშირები გაერთიანდა. ფიფაში მომდევნო წელს გაწევრიანდნენ. უეფაში 1954 წელს. ბერძნების პირველ სანაკრებო ტურნირად 1980 წლის ევროპის ჩემპიონატი ითვლება, თუმცა მანამდე ჯერ 1896 წლის ათენის ოლიმპიადაზე მიიღეს მონაწილეობა არაოფიციალურ საფეხბურთო ტურნირში და დანიასთან 0-9 დამარცხდნენ, შემდეგ 1920 წლის ანტვერპენის ოლიმპიადაზე იგივე ანგარიშით და ისევ ვიკინგებთან – ოღონდ შვედებთან. 1952 წელს ჰელსინკში ბერძნები ისევ დამარცხდნენ და ისევ დანიელებთან, ამჯერად მოკრძალებულად 1-2. ალბათ კიდევ დიდხანს ვერც მოახერხებდნენ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო რაუნდების გავლას ოლიმპიადაზე მოსახვედრად მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ 2004 წელს ოლიმპიადა ათენში ჩატარდა და მათაც საგზური როგორც მასპინძლებმა ისე მიიღეს. გამოსვლა უსახური აღმოჩნდა, ბერძნებმა ჯერ ფრედ ითამაშეს სამხრეთ კორეელებთან 2-2, შემდეგ ჯერ მალისთან წააგეს 0-2, ბოლოს მექსიკასთან 2-3 და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს. ეს იყო და ეს, ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ბერძნები აღარ გამოჩენილან. სხვათა შორის 30-40 იან წლებში ჩვენი ,,გუშინდელი” მეტოქე ლუქსემბურგიც ხშირად მონაწილეობდა ოლიმპიურ საფეხბურთო ტურნირებზე. 

საბერძნეთის ნაკრები, 1994 წელი

განსხვავებით სხვა ტურნირებისგან ბერძნების დებიუტი ყველაზე გვიან მსოფლიო ჩემპიონატებზე შედგა. 1994 წელს მათ წარმატებით დაძლიეს საკვალიფიკაციო ეტაპი და აშშ-ში გამართულ მუნდიალზე გაემგზავრნენ. ჯგუფურ ეტაპზე შეიძლება ითქვას ნაწილობრივ გაუმართლათ კიდეც, ძლიერი იუგოსლავიის ნაკრები ტურნირს გამოეთიშა, ისევე როგორც ევრო 92-ს და ბერძნების მთავარი კონკურენტი რუსეთი აღმოჩნდა. სხვათაშორის ჩვენი ,,გუშინდელი” მეტოქე ლუქსემბურგიც ამავე ჯგუფში მოღვაწეობდა. ბერძნებმა 8 მატჩიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ორ მატჩში გაიყვეს ქულები მეტოქესთან უნგრელებთან და რუსებთან. გადამწყვეტი მატჩი რუსეთთან შედგა. 1993 წლის ნოემბერში, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე ბერძნებმა ნიკოს მახლასის გოლით მოიგეს და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ეს დიდი წარმატება იყო. რასაც თავად ჩემპიონატზე ვერ ვიტყვით. აქ ჯგუფში სამ მონსტრთან მოხვდნენ: არგენტინა მოქმედი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახლდათ, ბუნდოვნად მაგრამ მაინც მახსოვს ის მატჩი გაბრიელ ბატისტუტას ჰეთ-თრიკი და დიეგო მარადონას გოლი, ეს იყო პირველად რომ ვუყურე მის თამაშს. ბულგარეთი შეიძლება არც ისე მრისხანედ ჟღერდეს, მაგრამ აქაც ბერძენთა საუბედუროდ ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ნაკრებს დაუპირისპირდნენ, ხრისტო სტოიჩკოვმა 2 ჯერ გაუტანათ და ისევ 0-4 დამარცხდნენ, ბულგარელებმა კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანიაც დაამარცხეს და ამ მსოფლიოზე მე-4 ადგილი დაიკავეს. ნიგერია ასევე დებიუტანტი იყო, ისევ ბერძენთა სამწუხაროდ ალბათ ეს ნიგერიაც ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გუნდით იყო წარმოდგენილი. მერვედფინალში მაგიური ცხენისკუდა რობერტო ბაჯო რომ არა კაცმა არ იცის სადამდე მივიდოდა ეს გუნდი. ამ ნიგერიამ ორი წლის შემდეგ ატლანტის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ოქრო მოიგო. მოკლედ მართალია უსახურად, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი შედგა. ვიდრე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს შევეხებოდეთ, რომელზეც სხვათაშორის ვერც მოხვდნენ ჩვენი მომავალი მეტოქეები მანამდე 2010 წლის მსოფლიო გავიხსენოთ. აქ საბერძნეთი ჯგუფურ ეტაპზე ისევ ძველ ნაცნობებს არგენტინას და ნიგერიას, მათთან ერთად კი სამხრეთ კორეას გადაეყარა. რომ არა სამხრეთ კორეასთან ,,დაუგეგმავი” მარცხი სასტარტო ტურში, გუნდი დიდი ალბათობით გადალახავდა ჯგუფურ ეტაპს. მეორე ტურში ნიგერიასთან გამარჯვება ამის იმედს ნამდვილად იძლეოდა, მაგრამ ბოლოს არგენტინელებმა შეუკრეს მერვედფინალიკენ მიმავალი გზა. 2014 წელს ბრაზილიაში გამართული მუნდიალი ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა ბერძნებისთვის, წარმატებული წინა მუნდიალებთან შედარებით. გუნდი C ჯგუფში ერთადერთი ევროპული ნაკრები იყო. პირველ ტურში კოლუმბიასთან 0-3 განადგურების შემდეგ გუნდმა მოახერხა და იაპონიასთან ფრეს, კოტ დიუვართან გამარჯვება მიაყოლა და ჯგუფი დაძლია. მერვედფინალში კი ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო კოსტა რიკას შეხვდა, კი არ მოგესმათ. ამ კოსტა რიკამ იტალია, ინგლისი, ურუგვაის ჯგუფში გაიმარჯვა და ბერძნებს პირველადგილოსნის რანგში დაუპირისპირდა. კოსტა რიკელები ბრაიან რუისის გოლით 52-ე წუთიდან იგებდნენ და თითქოს თავი ქუდშიც ჰქონდათ, რომ არა სოკრატის პაპასტაპულოსი, რომელმაც უკანასკნელ წუთზე გაათანაბრა და თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა. შანსი კი მის გუნდს მანამდე ჰქონდა ვიდრე თერთმეტმეტრიანების სერიაში ბურთთან ბუნდესლიგის 2006-07 წლების ბომბარდირი თეოფანის გეკასი არ მივიდა. თავისი თანაგუნდელებიდან ის მეოთხე დარტყმას ასრულებდა მანამდე კი ორივე ნაკრები უშეცდომო იყო. მისდა სამწუხაროდ დარტყმა კეილორ ნავასმა მოიგერია. ამის შემდეგ კი ჩრდილო ამერიკელებმა ერთი თერთმეტმეტრიანიც გაიტანეს და მეოთხედფინალში გავიდნენ სადაც სხვათა შორის ისევ პენალტების სერიის დარტყმამ მოუწიათ და ჰოლანდიასთან დამარცხდნენ. ეს იყო ჩვენი მეტოქეების უკანასკნელი გამოსვლა მუნდიალზე, მას მერე მათ საკვალიფიკაციო რაუნდი არ დაუძლევიათ.

2014 წელი, კეილორ ნავასი იგერიებს გეკასის თერთმეტმეტრიანს

ეხლა კი ცოტა ხნით მივუბრუნდეთ 2006 წლის მუნდიალს სადაც ბერძნები არ ყოფილან. ამაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული რომ არა ორი ფაქტორი, ერთი ის რომ შესარჩევში ჩვენთან იყვნენ და ორივე მატჩი მოგვიგეს და მეორე ის რომ მოქმედი ევროპის ჩემპიონები გახლდნენ. საინტერესოა რომ ამბავი, როდესაც მოქმედი ევროპის ჩემპიონები ვერ ახერხებდნენ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ხშირი არასოდეს ყოფილა. ასე მაგალითად: პირველად ეს 1978 წელს ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს დაემართა, 1994 წელს დანიის ნაკრებმა ვერ მოახერხა იგივე, 2006 ში საბერძნეთი. ჩვენ კი გვეგონა ეს სია აქ დამთავრდებოდა მაგრამ იტალიის ნაკრებმა მოახერხა და 2022 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდა. ჩვენსავით მათი წინსვლა ჩრდილო მაკედონელებმა შეაჩერეს და იქაც მათსავე მოედანზე, პალერმოში გატანილი ერთადერთი გოლით, ამჯერად ტრაიკოვსკიმ გაამწარა ბოლო წუთზე სკუადრა აძურა. დავუბრუნდეთ ისევ ბერძნებს, 2006 წლის მუნდიალის ამ შესარჩევ ჯგუფში ერთდროულად 7 ნაკრებმა მოიყარა თავი, ჯგუფი საკმაოდ ძლიერი გამოდგა: უკრაინა, თურქეთი, დანია, ალბანეთი, ყაზახეთი, საბერძნეთი და ჩვენ. ისე ბედის ირონიით ლუქსემბურგი რომ ყოფილიყო აქ ერთა ლიგის C დივიზიონის ყველა წლევანდელი ფინალისტი უკვე გადაიკვეთებოდა ერთხელ. საქართველოს ნაკრებმა მაშინ სულ ორი მატჩი მოიგო ალბანეთთან შინ 2-0 და გასვლაზე ყაზახეთთან. მიუხედავად იმისა რომ ყაზახეთი არასოდეს ყოფილა ბედის საჩუქარი ამ ჯგუფში აშკარა აუტსაიდერი იყო, თუმცა მოვახერხეთ და თბილისიდან ქულა გავატანეთ. ეს ისტორიული ქულა იყო. მათთვის ეს პირველი ევროპული შესარჩევი იყო და 10 წაგების შემდეგ ეს სანუგეშო ქულა ბევრს ნიშნავდა. ამის შემდეგ მათ მე-11 მატჩიც წააგეს, მაგრამ პირველი ოფიციალური ევროპული ქულები თბილისს და ისტორიას შემორჩა. დაწყებით ქართველებმა კარგად დავიწყეთ, თურქებთან ტრაბზონში პირველივე ტურში ქულა ავიღეთ, ქულა ქულად და თამაშიც კარგი იყო. ფათიჰ თექეს 49-ე წუთზე გატანილ გოლს მალხაზ ასათიანმა მატჩის მიწურულს ლამაზი თავურით უპასუხა, რუშთუ უშანსოდ გაოგნებული დატოვა და ალან ჟირესის გუნდმაც რიხიანად დაიწყო. ამ ტურში ევროპის ჩემპიონი ბერძნები ტირანას ესტუმრნენ, ქემალ სტაფას სტადიონზე ალბანელებმა შეუძლებელი შეძლეს და მატჩის საწყის წუთებზე ორი გოლით დაწინაურდნენ, სტილიანოს ჯიანაკოპულოსმა პირველივე ტაიმში შეამცირა სხვაობა, თუმცა ეს იყო და ეს. მეტი გოლი აღარ გასულა. მეორე ტურში ჩვენ ალბანელებს ვძლიეთ 2-0, ბერძნებმა და თურქებმა კი პირეოსში ნულოვანი ფრე ითამაშეს. ამ სექტემბრის მატჩების შემდეგ კი საქართველოს ნაკრებმა აურია, ბერძნები კი მეტ ნაკლებად დალაგდნენ, ამ ჯგუფში ყველაფერი მაინც ბოლოს უნდა გარკვეულიყო და ასეც მოხდა. ერთი კია საქართველომ უკრაინაში 0-2 წაგების შემდეგ, ჯერ დანიასთან ითამაშა თბილისში 2-2, შემდეგ კი 26 მარტს საბერძნეთთან დამარცხდა 1-3. დიახ ბატონებო არ მოგეჩვენათ 26 მარტს. 19 წლის წინ ეს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა. 22-ე წუთზე მალხაზ ასათიანის გოლით დავწინაურდით, მაგრამ როდესაც შესვენებისკენ გვეჭირა თვალი მიხალის კაპსისმა და ზისის ვრიზასმა გოლები გასახდელში გაგვაყოლეს და მეორე ტაიმი ჩამორჩენით დავიწყეთ, მალე მესამეც გავუშვით და ის მატჩი 1-3 წავაგეთ. ოთხ დღეში უარესად გავნადგურდით თურქეთთან 2-5, დანიაში შემოდგომით 1-6 (მაშინ გაზეთი გამოდიოდა 11X11 ერქვა და ახლაც მახსოვს სტატიის სათაური: რაღაც დალპა დანიის სამეფოში). ბერძნებმა მდგომარეობა გამოასწორეს, მაგრამ მაინც წაიფორხილეს, პირეოსში უკრაინამ ანდრეი ჰუსინის გოლით 1-0 იმარჯვა და საბოლოდ ჯგუფი პირველ ადგილზე დაამთავრა. ბერძნები კი, ბერძნები კი რეალურად ალბანეთში, ტირანაში წაგებულმა სასტარტო მატჩმა დაღუპა. ის სამი ქულა მე-2 ადგილს და საკვალიფიკაციო ფლეი ოფის საგზურს იძლეოდა. 

ევროპის ჩემპიონატზე როგორც ვთქვით ბერძნები პირველად 1980 წელს გავიდნენ, მაშინაც შესარჩევში არა რუსეთი მაგრამ საბჭოთა ნაკრებთან იყვნენ ისევე როგორც 1994 წლის შესარჩევში, და ისევ ჰყავდათ უნგრელები. ჯგუფში მათთან ერთად იყო ფინეთიც. ვერცერთმა ნაკრებმა გასვლაზე მატჩი ვერ მოიგო. გაუმართლა იმას ვინც გასვლაზე მატჩი არ წააგო და სახლში ყველა მათგანში გაიმარჯვა, ასეთი კი საბერძნეთი იყო.

საბერძნეთის ნაკრები, 1980 წელი

1980 წელს იტალიაში გამართულ ჩემპიონატზე ბერძნებმა ჯერ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან წააგეს, შემდეგ მოქმედ ევროპის ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიასთან, მომავალ ჩემპიონ დასავლეთ გერმანიასთან კი ფრედ ითამაშეს. ამის შემდეგ 2004 წლამდე ისინი ევროპის ჩემპიონატზე აღარ გასულან. 2004 წელს კი სენსაციით დაიწყეს და სენსაციით დახურეს ტურნირი. ეს რაღაც საოცარი ზღაპარი იყო. ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირი მოიგო. პირველივე მატჩში ბერძნებმა მასპინძელ პორტუგალიას პორტუში სძლიეს 2-1, გეოგრიოს კარაგუნისის გოლს და ანგელოს ბასინასის პენალტს პორტებმა ახალგაზრდა ვარსკვლავის, კრისტიანო რონალდოს უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლით უპასუხეს. მომდევნო მატჩი ესპანეთთან გაიმართა, ამჯერად ესპანელები დაწინაურდნენ ფერნანდო მორიენტესის გოლით, რომელსაც ანგელოს ხარისტეასმა უპასუხა მეორე ტაიმში. ჯგუფი კი ისე დალაგდა რომ ბოლო ტურში წაგებაც შეიძლებოდა და რუსებთან წაგების მუხედავად (1-2 ზისის ვრიზასის გოლი) ჯგუფიდან მაინც გავიდნენ. არადა რუსებს ერთიც რომ გაეტანათ ბურთების უარესი სხვაობის გამო საბერძნეთი ჯგუფში ჩარჩებოდა. გუნდი მეოთხედფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდა, ჯგუფური ეტაპი და აქ მიღწეული წარმატება არა მარტო მე მეგონა მაშინ ალბათ შემთხვევითობა და ვფიქრობდი, რომ ფრანგები წყნარად მოიგებდნენ. ეს ასე არ მოხდა. მეორე ტაიმში გუნდის კაპიტანმა თეოდორის ზაგორაკისმა ბიქსენტ ლიზარაზუ ფრთაზე დაჯაბნა, ბურთი თავზე გადაატარა და იმხელა სივრცე მოიგო რომ მშვიდად დაასვა ბურთი თავზე ანგელოს ხარისტეასს, ანგელოსმაც ძალიან მაგარი თავური დაჰკრა და მერვედფინალში საფრანგეთის მაგივრად ამ ტურნირის უდავოდ ყველაზე ლამაზ ნაკრებს ჩეხებს, ბერძნები დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალი ისეთივე მძიმე ბრძოლაში გაგრძელდა, როგორც მეოთხედფინალი, მეტიც ძირითადი დრო უგოლოდ დამთავრდა. ჩეხებმა რომლებიც მანამდე დაფრინავდნენ, მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს. დამატებით დროში კი ტრაიანოს დელასმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და გუნდი ფინალში გაიყვანა. ფინალში მასპინძელი პორტუგალია რევანშისათვის ემზადებოდა, მაგრამ მათთვის სამწუხაროდ ბერძნებმა იგივე გზა გააგრძელეს საჯარიმოში ჩაწოდებულს ისევ ანგელოს ხარისტეასმა დაახვედრა თავი და ელინებს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ეს ფანტასტიკა იყო. საოცრება რომელსაც გამეორება არ ვიცი კიდევ როდის უწერია. ამავე წელს ერთი საოცრება უკვე ნანახი მქონდა, პორტუს მიერ მონაკოსთვის მოგებული ჩემპიონთა ლიგა. საოცარი ნაკრები იყო: ნიკოპოლიდისი მეკარე, ფლანგის მცველები ფისასი და სეიტარიდისი, მცველები დელასი და კაპსისი, ნახევარდაცვა კაცურანისი, ზაგორაკისი, ბასინასი, კარაგუნისი და შეტევა ვრიზასი-ხარისტეასი. ასევე: პაპადოპულოსი, ვენეტიდისი, კაფესი, გეორგიდიასი, დაბიზასი…. 

2004 წლის ჩემპიონი ნაკრები

შემდეგი ევროპის ჩემპიონატი ჩემპიონებმა ჩააგდეს, ჯგუფში სამივე მატჩი დათმეს და უსახურად დატოვეს ტურნირი. 2012 წელს კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, ეს ის ნაკრებია 2 წლის შემდეგ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ითამაშა. ამ  ტურნირზე ბერძნებმა მასპინძელ პოლონეთთან ფრედ ითამაშეს 1-1, შემდეგ ჩეხებთან 1-2 დათმეს და ბოლ ტურში 1-0 სძლიეს რუსებს. ეს მეოთხედფინალის საგზური იყო. მეტოქე გერმანიის ნაკრები. ალბათ ბერძნები გულის სიღრმეში 8 წლის წინანდელი მიღწევის გამეორებას ფიქრობდნენ. მაგრამ გერმანია ასე არ ფიქრობდა. ფილიპ ლამის გოლს მეორე ტაიმში სამარასმა უპასუხა, თუმცა ამის შემდეგ გერმანელები აფეთქდნენ და საბოლოოდ 4-2 გაიმარჯვეს. ეს იყო ბერძნების ბოლო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე. 

სანაკრებოს შემდეგ ცოტა რამ საკლუბოზეც მინდოდა მეთქვა. მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში. პირველ რიგში ის რომ ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმატება ათენის პანათინაიკოსის 1971 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში გასვლაა. აქ ბერძნებმა საოცარ ,,აიაქსთან’’ დათმეს, ეს აიაქსის და იოჰან კრუიფის ზედიზედ მოგებული სამი თასიდან პირველი იყო. პირველ ეტაპზე მაშინ ჯერ ლუქსემბურგის ,,ჟენეს ეში’’ დაამარცხეს, შემდეგ ბრატისლავის ,,სლოვანი’’, შემდეგ ევერტონი გამოთიშეს გათამაშებას მეტოქის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით. ნახევარფინალში კი ბელგრადის ,,ცვრენა ზვეზდას’’ პირველ მატჩში უიმედოდ წაგებული 1-4 შემოუტრიალეს და ფინალში გავიდნენ, ფინალში კი როგორც ვთქვით ,,აიაქსი’’…. 

ალბათ მაინც საოცარია ბერძნულ კლუბებს ევროპული ტიტული რომ არასოდეს მოუგიათ. ყველაზე ტიტულოვანი შინაურ ასპარეზზე პირეოსის ოლიმპიაკოსია 47 საჩემპიონო ტიტულით, პანათინაიკოსი 20-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ათენის აეკ-ი 13-ჯერ, სამ-სამჯერ სალონიკის გუნდებმა მოახერხეს ჩემპიონობა პაოკმა და არისმა, ერთხელ კი ლარისა გაჩემპიონდა. რაც არ უნდა საოცარი იყო ათენის პანათინაიკოსს ჰქონდა შანსი საკონტინენტთაშორისო თასი მოეგო, მაგრამ აქ მისი მონაწილეობა უიღბლო აღმოჩნდა. ჩემპიონთა ლიგის  გამარჯვებული ამსტერდამის ,,აიაქსის“ მაგივრად სწორედ მათ ითამაშეს ფინალი და მონტევიდეოს ,,ნასიონალთან“ დათმეს 1971 წელს. 

1971 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. აიაქსი-პანათინაიკოსი

ბერძნულ კლუბებთან ქართველებს ჯამში რვაჯერ გვაქვს ნათამაშები, მაგრამ სანაკრებო ურთიერთშეხვედრებისა არ იყოს აქაც საშინელი სტატისტიკა გვაქვს. მხოლოდ ერთხელ შევძელით ბერძნული კლუბის ბარიერის გავლა და მაშინაც… თუმცა ამაზე ცოტა გვიან. 14 მატჩი, 1 მოგება, 3 ფრე და 10 მარცხი. ყველაზე ახლოს  ევროპა ლიგაზე 2011-12 წლების სეზონში ათენის აეკის დამარცხებასთან ვიყავით და მაშინ ათენში 0-1 წაგებული მატჩის შემდეგ თბილისში ალექსანდრე კოშკაძემ პირველივე წუთზე გაიტანა. ისე მოხდა რომ ძირითად დროში მეტი გოლი აღარ გავიდა და გათამაშებას ბერძნებმა დამატებით დროში გატანილი თერთმეტმეტრიანით გამოგვთიშეს. 

საქართველოს ნაკრებს ბერძნებთან 9 მატჩი აქვს ნათამაშები, 2 ფრე და შვიდი მარცხი. უფრო უარესი შედეგი მხოლოდ ირლანდიის ნაკრებთან გვაქვს 9 მარცხი, აქვე ვთქვათ რომ 7 მარცხი გვაქვს იტალიასთან და 6 უკრაინასთან. ბერძნებთან წაგებული 7 მატჩიდან 4 სახლში იყო, სახლში ნათამაშები ყველა წავაგეთ. საოცარია რომ ყველა დრამატულად. პირველად 1999 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში თემურ ქეცბაიამ 55-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მატჩის 85-ე და 89-ე წუთებზე ორჯერ გაგვიტანეს და ის თამაში მოგვიტრიალეს.

1999 წელი, საბერძნეთის ნაკრები თბილისური მატჩის წინ

2005 წელს ზემოთ აღწერილი მატჩი შედგა რომელიც ორ წუთში მოგვიტრიალეს და ისევ დავმარცხდით, 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დავით თარგამაძის გოლით დავწინაურდით მატჩის მიწურულს კი, 79-ე და 86-ე წუთებზე ისევ მოგვიტრიალეს. ბოლო შეხვედრა 2021 წელს ბათუმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შედგა, ორი გოლი მსაჯის დამატებულ დროში გაგვიტანეს და ისევ წავაგეთ.  

ჰოდა დროა, რომ ეს უიღბლობა დასრულდეს. ისე დალაგდა, რომ წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს ჩვენს გარდა სავარაუდო დებიუტანტი აღარ ჰყავს და მოდი ნუ დავარღვევთ ტრადიციას. წეღან კი, წეღან კლუბებზე, რომ ვსაუბრობდი ერთი ფაქტი გამოვტოვე. ქართულმა კლუბებმა ერთხელ დაამარცხეს ბერძნული კლუბი, ერთადერთხელ გაიარეს ბერძნული ბარიერი და მაშინ ქართულმა კლუბმა თასების მფლობელთა თასი მოიგო. მაშინ თბილისის დინამომ ბერძნული ,,კასტორია” გამოთიშა ასპარეზობას. იქნებ ნიშანია და ბერძნულ ნაკრებთან ერთადერთი გამარჯვებამაც, ევროპის ჩემპიონატის საგზური გვაჩუქოს, ვინ იცის…. 

დღეს კი უკვე მატჩის დღეა, 26 მარტი, 2024 წელი, იმედია ისტორია იწერება….