არხოტი

ტყიან გორაკს მარჯვნიდან აუყვნენ. მალე წინ ალპური, ათასგვარი ფერებით გადაჭრელებული
მდელოები გადაეშალათ. შორს კლდეებიდან გადმოხეთქილი ჩანჩქერები მოჩანდა. წამსვე ფოტოაპარატები მოიმარჯვეს. მონუსხულები იყვნენ
მშვენიერებით. თითქოს ყველაფერი გადაავიწყდათ. ქარის ქროლვა იგრძნეს. ეს კარგის ნიშანი იყო. “კუნძულს” შემოუარეს. წინ კალოთანას
უღელტეხილის გოდოლები რჩებოდა გადასალახი. ირგვლივ უზარმაზარი ლოდები ეყარა. ბილიკი კლდის ნაშალზე გადადიოდა. აღმართს
მოკლე ნაბიჯებით შეუყვნენ. არ საუბრობდნენ. დაღამებამდე სურდათ გადაესწროთ პირიქითა ხევსურეთში. დღის ამ დროს არც ერთი
ადგილობრივი არ გარისკავდა იმავეს.

უჩა ზაქაშვილი, “კალოთანა”

 

Day 1

ძალიან, ძალიან დიდი ხანია კიდევ ერთხელ მინდოდა არხოტის ხეობაში წასვლა. არ ვიცი, რატომ… სხვადასხვა უამრავი ვარიანტიდან მაინცდამაინც ეს ამეკვიატა. ალბათ იმიტომაც, რომ დიდი პოპულარობით არ სარგებლობს მოლაშქრეებში თუ ტურისტებში. სამანქანო გზა ყველაზე ახლოს სოფელ როშკაშია და ეს დაშორება 22 კმ-ია. ბევრი ფიქრის, თარიღების გადაწევ-გადმოწევის შემდეგ ზუსტად 12 აგვისტოს ავიღეთ გეზი ხევსურეთისაკენ. ოთხშაბათს 9 სთ-ზე დილით დიდუბიდან შატილისაკენ მიმავალ სამარშრუტოს გავყევით. ისე თავიდან ცოტა დავითარსეთ, ჯერ სამარშრუტომ დააგვიანა გასვლა და თავის დასვენებებით სამსაათნახევარი მოანდომა როშკის ასახვევამდე მისვლას. მანამდე გაახარებს ღმერთი ბუნტურას კორშაში შეგვხვდა აბუდელაურებისაკენ მიმავალი, ჰოდა ჩანთები კი გავატანეთ. ჩვენ გადასახვევთან ჩამოვედით და იმაზე ფიქრით იქნებ ვინმე დაგვეწიოს და სოფლამდე აგვიყვანოსო გზა განვაგრძეთ, მანამდე კი ასახვევთან ჩვენ ორ კაციან და ერთ ქალიან ბანდას, მეორე ქალი შემოუერთდა (თავიდან კაცი გვეგონა და ჯონის ვეძახდით) – ჯინა. არ ვიცი რა ჯიშის და რა ასაკის ძაღლი, რომელიც საკმაოდ მეგობრულად განეწყო ჩვენს მიმართ და მთელი გზა არ მოგვშორებია. ასვლა ნელ-ნელა დავიწყეთ და ღელევაკესთან არ მისულებს ცარიელი მანქანა წამოგვეწია, ჯიპი. მძღოლი უცხოელი იყო, რომ ვთხოვეთ როშკამდე გაგვაყოლეო ხელები გაასავსავა: არა რაღაცეები მილაგიაო, ვერაო. თან უკან სკამზე დაგდებულ გაშლილ საძილეზე მიგვითითა. კაი, ჰო-თქო, ჩვენც და მივაგინეთ გულიანად, რომ გაგვცდა დავაკვირდით, მანქანის ნომერი კი ჰქონდა თავისი შესაფერისი. მოკლედ, ამ სიარულ-სიარულით სოფლამდეც მივაღწიეთ. ცოტა ვჭამეთ, წყალი დავლიეთ. იქ აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალი ხალხი დაგვხვდა, ცოტა იმათ გამოველაპარაკეთ და მძიმე ჩანთამოკიდებულები შევუყევით გზას არხოტისაკენ (მანამდე ბილიკი ვიკითხეთ მაინც ყოველი შემთხვევისათვის). ჩანთების სიმძიმემ ცოტა შეგვანელა, მაგრამ მალე გახსნა მეორე სუნთქვამ თუ რასაც ეძახიან და მოკლედ უღელტეხილის ასასვლელთან მივედით. მანამდე ბილიკი დავკარგეთ. შედეგად, ცოტა გაუკვალავში გავთელეთ, მდინარე გავტოპეთ და დავბანაკდით. ჯახამ ბუზების განდევნის რიტუალი ჩაატარა, მდინარეში ჩავბანდით, მერე პარალონებზე გავგორდით, ჭაუხების უკან ლამაზ ფერებად გაფერადებულ მზის ჩასვლასთან და მუსიკასთან ერთად (მთელი გზა თან გვქონდა ნანოს დინამიკი, ჩემი ბატარეა და ჯახას პლეილისტი). არაჩვეულებრივი სიმშვიდე, საოცარი განწყობა, საჭმელი, არაყი და მუსიკა, მერე ძილი.
day1day 1

Day 2

დილით მზე კაი ხნის ამოსული იყო, როდესაც ავეყარეთ. აღმოსავლეთიდან ამოსული მზის სხივები ჭაუხებს პირდაპირ ანათებდა და ულამაზეს ფერებად აფერადებდა. დილის ტრადიციული რიტუალების: ჭამის, კარვის აკეცვის და ჩანთების ჩალაგების შემდეგ უღელტეხილის გზას შევუყევით. თავიდან მძიმედ, ნელ-ნელა კი სეირნობა-სეირნობით. ჯერ ფერდობს ავყევით, შემდეგ ბილიკი თხემზე გასწორდა და არხოტის გარდა, სამივი მხარეს ლამაზი ხედები გადაიშალა. ერთადერთი, რაც ამ გზაზე ნერვებს წამლავდა ბუზები იყო. უღელტეხილამდე გვდიეს და გვწოვეს სისხლი. სამხრეთით საარწივისწვერი, საქარია, კლდემყინავი და მათ უკან მდებარე ხევსურეთის და ფშავის მთები გამოჩნდა, ქვევით უფრო და აღმოსავლეთით ჯერ ბორბალო და მის მიყოლებით მაღალი მთები, აწუნთას ქედი, დასავლეთით ჭაუხები, როშკახორხი, საძელე. წინ – ბილიკი, ჩვენი სავალი. ბოლოს სოფელ ბლოსაც გადავადექით თავზე. მთის უკან ჩვენი ბოლო წერტილი ხადუს ხეობა და სოფელი ატაბეც გამოჩნდა. პოზიორობა – დასვენება, და ისვე გავაგრძელეთ გზა, ჯერ უღელტეხილზე მაღლა ავედით და ისე დავდეგით ბაღავაჩოსღელეზე. ქარი იყო, დიდხანს ვერც გაჩერდებოდა კაცი. არხოტს გადავხედეთ და დაშვება დავიწყეთ. წყალი მალევე შეგვხვდა და მარაგი შევივსეთ, ცოტა ვჭამეთ და დავეშვით ხეობაში. როშკიდან გამოსვლის მერე ხალხი მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა, საბანაკეზე წინა საღამოს, ცხენოსნებმა ჩამოიარე. რამე ხომ არ გიჭირთო და გზა გაგრძელეს. ამის შემდეგ პირველად ამ გზაზე შეგვხვდა როშკისკენ მიმავალი ხალხი. მცირე გამოლაპარაკების შემდეგ გზა სვენებ-სვენებით განვაგრძეთ, ჩავყევით წირილოვანისწყალს ბილიკ-ბილიკ. გადავედით მასზე ხიდად გადადებულ უზარმაზარ ყინულის მასაზე და უკვე აჩქარებულად გავეშურეთ ახიელისაკენ. განწყობა ისეთი შეგვექმნა, საერთოდ არ გვინდოდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. ფაქტიურად ყველაფრისაგან ვისვენებდით რაც ქალაქს და მის ხმაურს თუ ალიაქოთს გვაგონებდა. მოსაღამოვდა, ჩვენ კი საბანაკე უნდა გვეპოვა. მდინარეების შესართავს მივადექით თუ არა კლდის ვიწრო ბილიკზე ძროხებს გადავეყარეთ, უკან სოფელში, რომ აბრუნებდა პატრონი. არ ვიცი წარსულში რა დაუშავეს ჯინამ და ძროხებმა ერთმანეთს, მაგრამ ახლა ნამდვილად დაუნდობელი მტრებივით მოექცნენ ერთმანეთს. უფრო სწორედ კი ძროხები ჯინას. ყველა სარქენად იწევდა, აი მანდ მეც კი შემეშინდა. კლდის ვიწრო ბილიკზე მძიმეჩანთა აკიდებული დგახარ და ამ დროს შენსკენ მორბის ხარი, რომელმაც შენს უკან, ფეხებთან ატუზულ ძაღლს უნდა ურქინოს. ნამდვილად არ იყო კარგი ამბავი. რის ვაი ვაგლახით მოვიგერიეთ მთელი ნახირი. ახლა კი მეცინება ჯახას ნათქვამი, რომ მახსენდება ძაღლს რა დაუყვირა: აუ ჯინა გა…ვი, პრობლემებს ნუ გვიქმნიო :დ არადა სადღაც სიმართლე იყო ჩვენ, რომ მოგვშორებოდა და წინ გამძვრალიყო, არც არაფერი. ეს კიდევ გაქცევის მაგივრად ჩვენ გვეფარებოდა და იმიტომ იყო ხარებმა მდინარეზე გადასასვლელამდე გვდიეს. ჭიმღისკენ ვაპირებდით დაბანაკებას, ის-ის იყო ავუხვიეთ კიდეც, ძროხებს ვინ მწყემსავდა ის ბიჭი დაგვეწია. მაგეთ არ შეიძლება გავლა ხატიაო. ხოდა კი გავხედეთ ერთი სამხრეთს და მდინარის მეორე მხრიდან მთის ბილიკზე აბრუნება გამორიცხული იყო. არც გვესოფლებოდა და ახიელისაკენ დავეშვით. ვიდრე სოფელში შეხვალ წყალია და ჭინჭრობი, გზა სადაც გადადის იქაც ხატის ადგილიაო და ნანომ ეს ჭინჭრობი (პრინციპში მეც) დაბლა გავტოპეთ. აქ ხალხს გამოველაპარაკეთ. ადგილობრივებთან ერთად გრეენ ზებრას ხალხი იყო, სოფლიდან სამხრეთით 10-15 წუთის სავალზე ბანაკი ჰქონდათ. სწორი ადგილიაო და რადგან ბინდდებოდა ჩვენც სწრაფად დავეშვით. მისვლისთანავე გავშალეთ ბანაკი, მაგრამ გარეთ ვერ მოვთავსდით, რწყილებით იყო სავსე მინდორი. ამის გამო კარავში მოგვიწია საჭმლის ჭამამ. არაყი 1 ლიტრი გვქონდა შემორჩენილი და ნახევარი მივაყოლეთ საჭმელს. ჯერ ნანოს ჩაეძინა ჩვენს ყურებაში, მერე ჩვენც მალე მოგვერია ძილი დაღლილებს და მივეყარეთ დასაძინებლად.

day2day 2

Day 3

კარავი მზის გულზე გვქონდა გაშლილი, ამიტომ მზე მთებს ამოსცდა თუ არა, ისე დაცხა ძილი შეუძლებელი იყო. აბარგება დავიწყეთ. ერთმა გამვლელმა ცხენი მოაჭენა ჩვენსკენ და რამე ხომ არ გიჭირთო,გვკითხა. გამოველაპარაკეთ. ისე კი, 5 წლის წინ საოცარი დამთხვევით ზუსტად იმ დღეს ჩავედით ახიელში, როდესაც ახლა გადავედით არხოტში. მოკლედ ავლაგდით თუ არა სოფელ ამღასაკენ დავეშვით, ჩავყევით მდინარე ასას და, როგორც კი ჩრდილი ვნახეთ საჭმელად გავჩერდით. გემრიელად გეახელით ანაკომი და ყავა. გზა გავაგრძელეთ. სოფელ ამღასთან მდინარის მეორე მხარეს გადავედით და სიმღერით თუ ცეკვა-ცეკვით ჩავუყევით ბილიკს. იქ, სადაც კალოთანასწყალი უერთდება ასას, ისევ გადავედით იმ ნაპირზე, რომელზეც თავიდან მოვდიოდით. ხეობაში მიმავალ ბილიკზე შევდექით და ჩრდილში გავჩერდით. უხასიათოდ ხარო და მეძინება თქო. დაიძინე მერეო და ვეცი მეც პარალონს. ნუ ჯანზე მოვედი ცოტა, კაი იყო შუადღის ძილი. ამის შემდე უკვე აღმა ავყევით უღელტეხილისაკენ მიმავალ ბილიკს. 5 წლის წინანდელიდან გვახსოვდა მდინარის პირას საბანაკე, მაგრამ ეტყობა გადარეცხილი იყო და ზუსტად იმას ვერ მივაგენით. ნასოფლარ კალოთანას გავცდით და პატარა მანძილის გავლის შემდეგ დაბლა მდინარესთან, კარგი, თუმცა არა ფანტასტიური, ჩრდილიანი საბანაკე შევამჩნიეთ. გავჩერდით. არადა ჯერ საკმაოდ ადრე იყო, არ ვიცოდით ზემოთ ასეთი გრილი საბანაკე კიდევ თუ იქნებოდა, თან დასვენება უღელტეხილის გადავლის წინ ნამდვილად სასიამოვნო გამოდგა: ცეცხლი, მდინარე, არაჩვეულებრივი სიმშვიდე და აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ თავი კმაყოფილად გეგრძნო. ცეცხლთან წამოწოლილი, ამ არაჩვეულებრივ გარემოში, უსმენ მუსიკას, საუბრობ აზრიან თუ სულელურ თემებზე, არ ფიქრობ მოსაწყენ ყოველდღიურობაზე, ჭამ და სვამ. არ გადარდებს არავინ ვინც შეიძლება ეს სიმყუდროვე თავისი შემთხვევით შემობოდიალებით ან ხმაურით დაგირღვიოს.

day3day 3

Day 4

ისე გრილოდა ღამე მდინარის პირას და ხეების ქვეშ, რომ დილით 10 საათზე გავიღვიძეთ. 12 – ის ნახევარზე შევუდექით გზას. თავიდანვე გიწევს სიმაღლის აღება. ვინმეს არ ეგონოს ვწუწუნებ, უბრალოდ იქ სადაც გავათენეთ ღამე ზღვის დონიდან 1790 მ იყო, ჩვენ კი უღელტეხილი 2978 მ ზე უნდა გადაგველახა, ანუ სიმაღლეში თითქმის 1200 მ იყო ასაღები. გასავლელ მანძილზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. 5 წლის წინა გამოცდილებიდან მახსოვდა, ვიდრე წყალშუასთან მიხვალ, საიდანაც იწყება კიდევაც უღელტეხილზე ამავალი ალპური ზონა და ბილიკი. საკმაო მანძილი გაუვალია. ჰოდა ასე აგიხდათ ყველაფერი. დავიწყეთ თუ არა სიარული, 4-5 კმ ჩვენს სიმაღლე ბალახებში და ბუჩქებში, უბილიკო გზაზე, ფერდობზე, ტყეში მოგვიწია ბოდიალმა. ბილიკი ხშირად არ იყო, ან იკარგებოდა. ზოგან მდინარეს ფერდობი მონგრეული ჰქონდა და სავალი ჩაშლილი. საკმაოდ დიდი ენერგია და დრო წაგვართვა ამ გზის გაკვლევამ. გავედით ალპურ მდელოზე, წყალი ავავსეთ, რადგან უღელტეხილის ძირში გამომავალი წყარო – მდინარე შემდეგ მიწაში იკარგება და ამ ადგილას გამოდის მიწიდან. მცირე დასვენება და ისევ ნელა, მაგრამ გემრიელად შევუყევით აღმართს, დაღამებამდე უნდა გადაგვევლო უღელტეხილი. მახსოვდა, როგორც კი დაეშვები ერთი ვიწრო და რთული მონაკვეთია ძალიან, იქ შებნელებულზე არ ღირს გავლა. მოკლედ, ავყევით ბილიკს. ნაშალი ფაქტიურად არაა, მხოლოდ ალაგ-ალაგ. ისე, რომ თავის არიდება შეგიძლია. გზად გველებსაც გადავეყარეთ გზის სიახლოვეს, დავუცადეთ და თავად გადავიდნენ გზიდან. ჩვენც გავიარეთ და ისევ აღმართს ავყევით. თვითონ უღელტეხილი არაა რთული ასასვლელი, იქამდე მისვლა უფრო უსიამოვნო პროცესია. მზე საღამოსაკენ გადაიწვერა, თან ჩვენს მარჯვნივ მთა (საინტერესო სახელით – კლიტეთმაღალი) ჩამოეფარა და სიარულისას სიცხეს არ შევუწუხებივართ, ეგ კი არა დასვენებისას სიცივე თუ შემოგვიტევდა. მთელი ამ სეირნობა – ხალისობის შემდეგ ავაღწიეთ უღელტეხილზე, ჩვენს უკან არხოტი დარჩა, წინ კი პირაქეთა ხევსურეთი – ხადუს ხეობა და მისი სოფლები გადაიშალა. რვის ნახევარი იყო იქიდან, რომ დავეშვით ვიწრო ბილიკი სწრაფად მოვიტოვეთ უკან და სერზე დავიწყეთ დაშვება. დაახლოებით ნახევარი საათის გზა გვქონდა დარჩენილი (ჩვენი ტემპით), გადავწყვიტეთ კარავი სერზე გაგვეშალა, დაბლიდან ძაღლების ყეფა ისმოდა. წყალი გვქონდა სამყოფი (უღელტეხილზე სანამ ახვალ ასე 200 მ-ით დაბალა მოდის და იქ ავავსეთ). 2300 მ – ზე ვიყავით, არც ადგილი იყო სწორი და საკარვე, მაგრამ გაიჭირვებდა კაცი. ჰოდა გავიჭირვეთ. ვჭამეთ ჩვენი ბოლო საკვები და თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მთელი ღამე დავცურავდით პარალონიანად დაღმართზე, ღამე მაინც გავათენეთ.


day4day 4

Day 5

კარავი იმ ფერდობზე გვქონდა გაშლილი, რომელიც ხადუს ხეობას, კერძოდ კი პირდაპირ სოფელ ატაბეს გადაჰყურებდა. მზე სწორედ ამ მხრიდან ამოდიოდა. ამოსვლისთანავე დაანათა ჩვენს კარავს ჯინამაც რას უყეფა მთელი დილა ვერ გავიგეთ, ეს იყო  და დილის 9 საათზე უკვე უკვე ვლაგდებოდით. კი! ვიცი! გაგეღიმათ, ოჰ რა ადრე გაგღვიაძიათო, მაგრამ მთელი ეს ლაშქრობა იმდენი დავისვენეთ და ვიძინეთ, ცხრა საათი მართლა ადრე იყო ჩვენთვის. დავეშვით სერზე. გადავედით მდინარეზე და სოფელ გუდანისაკენ წავედით. გზად ქვევით მომავლებისაკენ ცხენოსანი ამორბოდა, ჩვენ მარცხნივ ჩავჭერით მოკლეზე გზისკენ. მივხვდი რაც უნდოდა,  ბილიკი სოფელ წინხადუში ჩადის, იქვე პატარა ტყის კორომია და ხატი. ეს წინა ლაშქრობიდან დამამახსოვრდა. ალბათ იფიქრა იქით თუ გააგრძელეს ვეტყვი გოგო არ გაატარონო. ჰოდა ჩვენც ბევრი არ გვიფიქრია და მოკლეზე მოვჭერით. ეს იყო პირველი ადამიანი ზუსტად 2 დღის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც სოფელი ამღა გამოვიარეთ, არავინ შეგვხვედრია. თუ არ ჩავთვლით თოფის ხმას წყალშუასთან, რომ შემოგვესმა. მოკლედ, გზა უკვე სამანქანო იყო და ტემპიც კარგი ავკრიფეთ. გზაზე ერთ კაცსაც გამოველაპარაკეთ. გვეჩქარებოდა. წინა დღეს ჩავიფიქრეთ, რაც არ უნდა მოხდეს მაღაროსკარის ხინკალუჭმელები აქედან არ წავიდეთო. ჰოდა ისიც გაგვახსენდა სადღაც 2 საათისათვის შატილის სამარშრუტო ჩამოივლიდა. გზად ბლომად თხილი და ჟოლო მივირთვით. შიმშილის მიუხედავად წყლის მეტი არაფერი დაგვილევია და გვიჭამია, რადგან პირობის თანახმად: იმ დღეს ჯერ ხინკალი უნდა გათელილიყო. შიმშილით კი გვშიოდა, მაგრამ მე ორი ზომით დიდი მქონდა შარვლები უკვე. კუჭი რამდენს აიტანდა კაცმა არ იცის. ჰო მართლა, დამავიწყდა მეთქვა უღელტეხილზე ჯეოსელი შესანიშნავად იჭერს, მაგთი ვითომ იჭერს ხანდახან, მაგრამ რეალურად არა. დაბლა ხეობაში უკვე იკარგება ორივე სიგნალი, ვიდრე სოფელ ბაცალიგოს არ გასცდები. აქ უკვე ორივე ქსელი კარგად მუშაობს. ბარემ იმასაც მოვაყოლებ, რომ როშკის ზემოთ სადაც პირველი ბანაკი გვქონდა მუშაობდა ერთიც და მეორეც, უღელტეხილზეც, არხოტში გადასვლამდე წვალებით. აი არხოტში კი მორჩა. მთელი 4 დღე ამისგანაც ვისვენებდით. ზუსტად 2 საათზე მივედით სოფელ გუდანთან გაჩერებაზე, სამარშრუტოს დავურეკე და 40-45 წუთის შემდეგ ავეკვეხეთ კიდეც ჩვენი ჩანთებით. აქ ჯინას გამოვეთხოვეთ, ვერ წამოვიყვანდი თბილისში და ჯობდა დარჩენილიყო იქ, სადაც გავიცანით ერთმანეთი. უბრალოდ, სამარშრუტოში ასვლამდე ისე გამოგვხედა, თვალზე ცრემლი მომადგა, რომ ვატყობდი ვიტირებდი შემოვბრუნდი და ავბობღდი მანქანაში. სამარშრუტო სავსე იყო, კვირა დღეს ბევრი მგზავი მოდიოდა შატილიდან. გზაზე თავს გადახდენილით აღარ შეგაწყენთ. მაღაროსკარში ჩამოვხტით. მშიერზე 40 ხინკალი და არაყი ვუთხარით, სალათი, პური. ხინკალი ნახევარზე ცოტა მეტი ძლივს შევჭამეთ. ვერც არაყი დავლიეთ სამ ჭიქაზე მეტი. თავიდანვე იმის იმედი გვქონდა, რომ რადგან კვირა დღე იყო გამვლელი ბევრი იქნებაო და სამმა ადამიანმა თბილისამდე კი უნდა ჩავაღწიოთო. რად გინდა? სამი საათი ვიდექით ლამის გზაზე. ბოლოს სახლში დავრეკე მანქანაზე და აი მაშინ გაგვიჩერა ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, დათომ. ჩარგლიდან – თბილისში ბრუნდებოდა. არადა მანამდე საკმაოდ ბევრმა მანქანამ ჩაიარა, აქედან ნახევარი ცარიელი, და ნახევარი თბილისისკენ მიმავალი. ჰო ვიცი სულ ფეხზე ეკიდათ წამოვიდოდით თუ არა ჩვენ, მაგრამ მაინც მგონია უნდა გაეჩერებინათ. მოკლედ ასე გასრულდა 5 დღიანი ხევსურული ტური. მსგავსად მე ალბათ არცერთი მარშრუტი არ გამივლია: ხალხთან უკონტაქტოდ, სოფლებში შეუსვლელად, სვენებ-სვენებით და სიმღერით. მართლა დავისვენე.

day5day 5

 

 

ამ მთათა შორის,ამ კლდეთა ახლოს… ნაწ.2

***შენი საუფლო ხევსურეთია ***

***  II  ***

ხევსურეთი…

ხევსურეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში…

არ ვხუმრობ, ეს სიმართლეა…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი მთიანეთი დარიალი და სტეფანწმინდაა, სადაც ფეხი დავდგი…

ძალიან ბევრჯერ, უამრავჯერ ვყოფილვარ ამ მხარეში…

მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვერ ამოვწურე, ჯერ კიდევ ბევრგან არ მივლია და ბევრი არ გადამილახია…

მოყოლებული ფშავის და ხევსურეთის არაგვების შესართავიდან ჩემთვის სხვა სამყარო იწყება…

ამ სამყაროს ხევსურეთი ჰქვია!

პირველად შატილი იყო, დათვიჯვარდან დანახული მაისის ხევსურეთი, ფეხით ტანატალი ტალახში ჩაფლული მანქანისთვის მშველელის მოსაყვანად… შატილის პირველნახვით გამოწვეული აღტაცება და სიამაყე მე ეს ვნახე, მე აქ ვიყავი!  ალბათ ასე ჰყვებოდნენ თავისი აღმოჩენის შესახებ კოლუმბი და მაგელანი…

აწუნთისაკენ ხადუ გუდანი სანე

ამის შემდეგ იმდენჯერ ვნახე შატილი სათვალავი ამერია, მაგრამ იგივე ემოცია შემდეგ უკვე მუცომ შვა, გაოცებისაგან პირდაბჩენილი მივჩერებოდი და ვატყობდი რომ ეს კუთხე რაღაცნაირად ჩემი ხდებოდა…

შემდეგ იყო აბუდელაურის ტბები, უამრავჯერ გადასერილი სხვადასხვა მიმართულებით ხან ჯუთადან, ხან როშკადან…

ჩემს მოგზაურობებში ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ჯუთადან არხოტში გადასვლაა შემორჩენილი, არხოტიდან ხადუში, გუდანი, ბარისახო, შატილი, მუცო, აწუნთა ჰე ჰეეე….

ხევსურეთიმუცო

შატილი

არხოტი ცალკე თემაა, კუთხე კუთხეში, ულამაზესი, სადა და გულღია. ადგილი სადაც არ შეგაწუხებთ შემთხვევით შემოხეტებული ტურისტი, ჯერაც რომ ვერ ხვდება კეტებით და ჰალსტუხით რატომ წამოვიდა ასეთ წვიმაში, ალბათ არც იმას გკითხავთ შორია თუ არაო. არც მანქანის ხმაური გაგიწვრილებთ გულს და აგატკიებთ ყურებს, ყველაფერი ბუნებრივია და სუფთა…


არხოტი არხოტი, ახიელი

კვლავ არხოტს წავალ? _
რავიცი, _
ღირსღა ღონღილი ბერისა?
ქალაქის ცოფი ავიცერ: _
ბანგი
და ბარგი
ბარისა…

******

ამაოდ მიხმობ!
ხომ სულერთია:
ჩვენ ვერასოდეს ვერ დავზავდებით.
შენი საუფლო ხევსურეთია,
მე – სამყაროშიც ვერსად ვთავსდები!

/გაბრიელ ჯაბუშანური/

უნდა წავიდე წელს, აუცილებლად უნდა ვნახო კიდევ…

არხოტში ერთ ხეობაა, პატარაო ვერ იტყვი, მაგრამ ხევსურეთის სხვა დიდ ხეობებს ვერც შეადრი, პატარა, მყუდრო, მაგრამ მიტოვებული.

ამ ხეობაში პატარა ნასოფლარია, ნასოფლარს კალოთანა ჰქვია… რაღაცნაირად საყვარელი ხეობააა, მე ასე ჩამრჩა მეხსიერებაში…

 კალოთანას ხეობა

მოკლედ ერთი დიდი ლაშქრობის შესახებ….. (ნაწილი I)

დღე პირველი. ზუსტად არც კი მახსოვს რამდენი წლის ჩანაფიქრი განხორციელდა იმ დღეს, ის კი ზუსტად ვიცი რომ 2008 წელში ომმა ჩაშალა, 2009 ში აღარ მახსოვს მაგრამ სვანეთიდან ჩამოსულები ვეღარ წავედით ამ ეგრედ წოდებულ საუკუნის მარშრუტზე.  მოკლედ სტარტი 2010 წლის 12 ივლისს თბილისიდან კი ავიღეთ, მაგრამ ის თერთმეტდღიანი მომქანცველი სვლა სოფელ ჯუთადან დაიწყო სწორედ ამავე დღეს, მანამდე სოფელ სნოში გავჩერდით ცოტა ხნით.  იმ დღეს დაბანაკებამდე დააახლოებით 8 კმ გავიარეთ, თუმცა მანძილის სიმცირე დროის სიმცირემაც განაპირობა რადგან სადღაც 14.00 საათზე დავიძარით+ ამას დაუმატეთ მესაზღვრეებთან რეგისტრაცია (თუ რაც ჰქვია, მგონი საშვი???) და ბინდმა კარგ დროს მოგვისწრო, დაღლით იმდენად დაღლილები არ ვიყავით რამდენადაც არეულები, პირველი დღე იყო მაინც. მოკლედ დავლაგდით, კარვები გავშალეთ და საჭმელს ვეკვეთეთ, ნუ პირველი დღეები გამოგიტყდებით კილკა, შპროტი და ათასგვარი კონსერვი გემრიელიც კი ჩანდა, არც მხრები გვტკიოდა, არც ფეხები და სულ რაღაც ერთი დღის დაუბანლობაც არ გვაწუხებდა ძალიან  . საჭმელთან ერთად ერთ ლიტრა ჭაჭასაც მოვუღეთ ბოლო (სულ ეგ იყო და ისიც 13 კაცმა დავლიეთ) და იდეაც დაიბადა: ჯუთასტარი 2010!!!!!!!!!!!!  ჰოდა ატყდა სიმღერა და ჩქარი ტაში ჟიურის და მოპაექრე გუნდების თანხლებით, თავს აღარ შეგაწყენთ იმით ვინ გაიმარჯვა და როგორ, ან რა ანგარიშით ერთი კია დასაწყისი ნამეტანი კულტურულ, შემეცნებითი და მხიარული გამოდგა. ჰოოდა ჩვენც ცოტა დაღლილებმა უფრო უკეთესი დღის იმედით მივაშურეთ კარვებს.

დღე მეორე. დილით მოტივირებული მკვლევარები არხოტისაკენ დავიძარით, ეჭვის დონეზე ვიცოდით რომ არხოტში ენდემურ ბერტყვს შეიძლება გადავწყდომოდით. ჰოდა მონდომებამ დაძლია დაღლილობა და 12.00 სთ ზე დაახლოებით უკვე არხოტისთავისღელეს უღელტეხილიდან დაშვება დავიწყეთ არხოტისაკენ სიმღერ სიმღერით (არხოტოოოო, სამშობლოოო) ამინდი იდეალური იყო. იდეალური სიარულისთვის არ წვიმდა და ღრუბელიც გემრიელად გადაფარებოდა აგვისტოს მზეს. დამავიწყდა მეთქვა უღელტეხილის სიმაღლე ტოპოს თუ დავუჯერებთ 3287 მ ყოფილა ზღვის დონიდან, ანუ დასაწყისისთვის კაი სიმაღლე აგვიკრეფია.  იმ დღეს ჩემი გამოთვლებით სოფელ ახიელამდე დაახლოებით 15 კმ ვიარეთ, მომენტებში გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოო ჯამში მაინც კარგად გამოგვივიდა იმიტომ რომ სოფელში დაღამებამდე ჩავედით, თან გზადაგზა ბევრგან დაისვენა ხალხმა + 2 გან ფეხზეგახდილმაც გავტოპე, ასე რომ შებინდებისას სოფელში ჩვენ და წვიმის თქეში ერთად მივედით. პირველივე სახლში შეგვიპატიჟეს და იმის გამო რომ კარვის გაშლის არც დრო იყო და არც საშუალება გოგოები სახლში დავაბინავეთ ჩვენ კი ერთი გადახურული შენობა გვხვდა წილად, აი შიგნით კი გავშალეთ კარავი მთავარია რომ არ წვიმდა შიგნითაც ისე როგორც გარეთ. საჭმელი მასპინძელთან მივირთვით და უკეთესი დღის იმედით დავიძინეთ, ცას შევცქეროდი ერთი სული მქონდა გადაეღო და გზა გაგვეგრძელებინა.

დღე მესამე. იმის გამო, რომ ამ დღეს გადაუღებლად წვიმდა, მომდევნო დღე ჩვენს მასპინძელთან მოგვიწია გაჩერებამაც და დარჩენამაც. ჩვენი მასპინძელი კი ხვთისო ძია იყო ასაკიანი, მაგრამ მუხლმაგარი კაცი ხოდა საუბარს საჭმელი მოჰყვა, საჭმელს ბუნებრივია სასმელი, სასმელს ქეიფი და მოკლედ მოსაყოლი ახლა მხოლოდ სადღეგრძელოების შინაარსი დარჩა იმ დღისა, თუმცა აქაც იმედს გაგიცრუებთ და ვერაფერი დავიმახსოვრე.

დღე მეოთხე. შემდეგი დღე იყო უმაგრესი, გამორჩეული და ლამაზი. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ვიარეთ მაინც. უმაგრესი იმით რომ ამდენი ცხოვრებაში არ მიცინია, გამორჩეული იმით რომ რაც წამოვედით ამ გზებზე პირველად გვენთო ცეცხლი და ლამაზი იმით რომ თუ საღამოს წვიმას არ ჩავთვლით, მზიანი ამინდი იყო და ხედებიც შესანიშნავი. დილით სხვების არ ვიცი და აი მე თავი ძლივს ავწიე, ჯერ ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერე ნელ ნელა გონება განათდა ყველაფერი გამახსენდა და გონებაც დამძიმდა იმაზე ფიქრით, რომ უნდა ავმდგარიყავი, ჩანთა ამეკიდა და ეშმაკმა იცის რამდენი კილომეტრი მევლო. ავდექი, ეზოში „პახმელიაზე“ გამოსვლის  ეტაპი წარმატებით დაგვირგვინდა, ჰოდა ცოტა იშტაზე მოსულებმა ჩანთების ავიკიდეთ და მოლაშქრისათვის ნამეტანი უჩვეულო დროს გავუდექით გზას. 12 საათი იქნებოდა დაწყებული სოფელ ამღაში რომ მივედით, დიდხანს აქაც არ გავჩერებულვართ მდინარეზე გადავედით და ქვევით დავეშვით. მოკლედ ვიდრე დაღმართი იყო გამართულები მივდიოდით. კალოთანასკენ სანამ ავუხვევდით დავისვენეთ. აქვე ერთს ვიტყვი კალოთანას ხეობა და უღელტეხილი გეგმაში არ იყო, ტანიეს ხეობით და ისართღელეს ურთულესი უღელტეხილით ვაპირებდით პირიქითაში გადასვლას, მაგრამ არ გვირჩიეს ისე უფრო მარტივად წახვალთო და ჩვენც მიუხედავად იმისა რომ ამ მონაკვეთის რუკა არ გვქონდა თამამად შევბედეთ აქეთ წასვლა, თუმცა კი როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად. ასე თუ ისე შევისვენეთ და ხეობას შევუყევით, სხვათაშორის ლამაზი ხეობაა პატარა და ფერადი. გავიარეთ ნასოფლარი და აღმოვაჩინეთ რომ ენერგია არცერთს აღარ შერჩენოდა, ცხადი იყო უღელტეხილს იმ დღეს ვერ გადავლახავდით, წინ წასვლის აზრიც არ იყო მომხიბვლელი არ ვიცოდით კიდევ შეგვხვდებოდა თუ არა ასეთი ტყიანი, წყლიანი საბანაკე. თანაც ცას შავი ღრუბელიც შეერია. ადრე დაბანაკებამ ის გამოიწვია, რომ დრო დაღამებამდე ბევრი დარჩა ჰოდა თავი ხომ უნდა შეგვექცია რამით. ვიღაცას თევზაობის იდეა მოუვიდა, უანკესოდ. იდეა კარგი იყო მაგრამ უშედეგო. ბოლოს კი სპექტაკლიც დაიდგა: სიზმარა. დამწყებთა კვალობაზე კარგად გამოგვივიდა. იმდენი ვიმხიარულეთ, რომ ბოლოს მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა შეგვეძლო: დედააააააააააა!!!!!!!! საღამოთი ცეცხლის პირას გავიბოლ გავიჭვარტლეთ და ეს დღეც ასე დავასრულეთ თუმცა ამ კარგმა დღემ ერთი საჩუქარი კიდევ დამიტოვა, როგორც მეორე დღეს აღმოვაჩინე თურმე დიყამ დამსუსხა.

დღე მეხუთე. მომდევნო დღე დიდი დაღლის, გამოფიტვის, ჩემი წყლულიანი ფეხით ბოდიალის და კალოთანას უღელტეხილის დღე იყო. დღე როდესაც კარგ და სასაცილო ამბავს ვერ იგონებ. მხოლოდ სიარული, დიიიდი აღმართი და უფრო დიდი დაღმართი, კავკასიური გველგესლების თანხლებით. ბილიკი ფრიალო კლდის თავზე, ორი საათი ძილი უღელტეხილზე, არეული გზა, უზარმაზარი ნაგაზები და ბოლოს კარვიჭამია ვირთხები. დილით როგორც ყოველთვის მოგვიანებით გაგვეღვიძა, ნაწვიმარზე დავიძარით. ასე უსიამოვნოდ ცხოვრებაში არ მივლია. ბილიკი ხშირად იკარგებოდა და ჩვენც გადაადგილება წელამდე ბალახში, ბუჩქნარს დამსგავსებულ კორომებში და რაც მთავარია მდინარის გაყოლებაზე ფერდობ-ფერდობ გვიწევდა. შარვალი დასველდა და სხეულზე მიეკრა (ყველაზე ძალიან ეს მეზიზღება და სველი ფეხები. ასე თუ ისე ვიარეთ. უღელტეხილი შორიდან კარგად გამოიყურებოდა, მარტივად მაგრამ ახლოს მისვლა გაგვიჭირდა. მოკლედ უღელტეხილისკენ სვლა ნელნელა გართულდა, ფეხი გამიხურდა მიუხედვად იმისა რომ ვიზუალურად ვერ ვხედავდი, ვხვდებოდი რომ მთლად კაი ამბავი არ იყო ჩემს თავს. სვლას ვუმატე და კინაღამ კავკასიური გველგესლა დავიმეგობრე ბილიკზე, რომ გაწოლილიყო მზის გულზე, ერთი ნაბიჯიც და ან იმას დაერხეოდა ან მე. ჰოდა ამასაც ავუარე გვერდი და უღელტეხილის ბოლო აღმართის ძირში დავეწიე დანარჩენებს, ქვევით ხალხი არც ჩანდა ჰოდა მივწექით და ერთი გემრიელი ძილიც გამოვაცხეთ, გაღვიძების შემდეგ კი ერთხელაც გავიჭირვეთ და აღმართი ნელი და მძიმე ნაბიჯით ავიარეთ, უკან რომ გამოვიხედე არხოტის ხეობას რაღაც უცნაური ფერი გადაჰკვროდა, მზეც კი ანათებდა მაგრამ ჭაუხებსაც ნისლი შეპარვოდა. კარგად რომ მოვათვალიერე გარემო, ჩემს წინ ხადუს ხეობის და სოფელ ატაბეს ხედი გადაიშალა, შიშით გავაპარეთ თვალი მარცხნივ და გიხაროდენ: პირიქითაში გადასასვლელად კიდევ ერთი უღელტეხილი გადაიშალა ჩვენ წინ (ანატორისღელე 2768 მ, გადასასვლელი ხადუდან გუროში). კალოთანას უღელტეხილის სიმაღლე ტოპოს მიხედვით 2978 მ ია, დაბალი ჩვენსმიერ გავლილ სხვა უღელტეხილებზე (ფეხით), მაგრამ ასე საშინლად ცხოვრებაში არ დავშვებულვარ. ბილიკი ჯერ ფერდობზე ფრიალო კლდეს მიუყვება, მერე კი იკარგება და შენს წინ საშინელი დაღმართია ალაგ ალაგ ნაბილიკარით. მოკლედ ხშირი დასვენებებით დავეშვით, მეორე უღელტეხილის ძირამდე მისვლის იმედი გვქონდა ეგებ რამე საშუალება გვენახა და გუროს ხეობაში გადასვლაში დაგვხმარებოდნენ. ჰოდა ასე წვალებ წვალებით დავეშვით და რომ გვეგონა გავივაკეთ კინაღამ ერთერთი მონაწილე დავკარგეთ. მოკლედ უკანხადუმდე სულმოუთქმელად ვიარეთ, გავცდით და მეცხვარეების ბინას მივადექით სადაც ცოტა დაგვაკლდა და ლამის ვეებერთელა ნაგაზების ლუკმა გავხდით. მეცხვარეეებმა თავაზიანმა კახელებმა, თავაზიანად გვითხრეს უარი (იმდენი ……   ………..) ჰოდა სხვა გზა არ იყო რაღაც ქოხი აღმოვაჩინეთ და მისი ოკუპაცია მოვახდინეთ ერთი ღამით, მაგრამ ეს ქოხი როგორც შემდეგ აღმოჩნდა კარვიჭამია ვირთხებს და თაგვებს ჰქონდათ ოკუპირებული უკვე და მთელი ღამე გემრიელად გეახლებოდნენ კარვის ნაფლეთებს. ჩემი ფეხიც საყვარლად დაწყლულდა, გასივდა და გაშავდა. ამიტომ გადავწყვიტეთ აქედან ბარისახოში ჩავსულიყავით და იქ მანქანა გვეშოვა შატილში ან უკეთეს შემთხვევაში მუცოში წასასვლელად. რომ ვიანგარიშე იმ დღეს ჯამში 15 კმ მდე გვივლია, ასეთ გზაზე ეს ცუდი მაჩვენებელი მართლა არააა.

დღე მეექვსე. გათენდა თუ არა დავიძარით, მშვენიერი დღე იყო ასე თუ ისე, უბრალოდ ამ დღეს ძალიან დიდი მანძილი გავიარეთ. ფეხით თუ მანქანით. 22 კმ + 45 კმ. მოკლედ დილაუთენია ავბარგდით, არც გვიჭამია ნორმალურად. ეგრევე სწრაფი ტემპი ავკრიფეთ სწორ გზაზე და გუდანისკენ გავეშურეთ, გზად სოფელ ატაბესთან კინაღამ კიდევ ერთხელ შეგვსანსლეს ძაღლებმა. გადავრჩით და გზა განვაგრძეთ, გუდანამდე გზაზე სულ წყაროები იყო მიცვალებულების სახელზე გაკეთებული რაც ვერ მივხვდი ეს ის იყო, რომ ეს ხალხი სულ ამ გზაზე დაიღუპა თუ უბრალოდ საპატივცემულოდააა ასე? კაცმა რომ თქვას გუდანამდე უსწრაფესად ჩავედით, იქედან კი ბარისახომდე გზა რამდენიმემ გავაგრძელეთ. მე ფეხი უნდა მეჩვენებინა ვინმესთვის და ძალიან არ მინდოდა ჩემი ლაშქრობა ამ დღეს დამთავრებულიყო.  მოკლედ სულ მოუთქმენლად ვიარეთ კორშამდე აქ ტელეფონმაც დაიჭირა და ატყდა შეუბრალებელი გადარეკვა გადმორეკვა, გული რომ ვიჯერეთ ყველი და პურიც რომ ვჭამეთ. ბარისახოში წავედით, ექიმი ვიკითხეთ და ირაკლი ნახეთო, მოვძებნეთ, ასაკიანი კაცი აღმოჩნდა, დამხედა ფეხზე და „ზელიონკა“ წაისვი დღეში ორჯერ და ეგ წყლულები გაგიქრებაო, მეტი არაფერი მეთქი და არაო, მაშინ კი დავეჭვდი მაგრამ მაინც ვენდე ამაზე უკეთესად ვიღას ეცოდინება თქო და მართალიც გამოვდექი, პრობლემა აღარ მქონია. ბოლოს როგორც იქნა მანქანაც ვიშოვეთ ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ მგონი რომ კაი ფული გამოგვართვა 250 ლარამდე სადღაც თუ მეტი არა, ჰო კიდე კორშელი ბებო დამავიწყდა სულ ძუნწები რომ გვეძახა ქართველებს (ქუდი არ ვიყიდეთ ხევსურული) დაილოცოს უცხოელები მაგრად ვვაჭრობ ხოლმეო. მოკლედ დანარჩენებს ამ ჩვენი სატვირთოთი გუდანში გავუარეთ და შატილისკენ დავიძარით: გუდანი, ბისო, ხახმატი, დათვიჯვარი, ლებაისკარი, კისტანი, შატილი გავირბინეთ (ღამდებოდა) და სადღაც ანატორთან ჩამოვედით მანქანიდან (მუცომდე არც მიგვიყვანა). თან მანქანა ისე ატარა (ცუდად არა მაგრამ მაინც) ერთი ორჯერ ყველამ დახუჭა თვალები შიშისგან…. მდინარე ანდაკის პირას გაიშალა კარვები, ცეცხლიც დავანთეთ, ვიბანავეთ გაყინულ მდინარეში და ცხელი საჭმელიც ვჭამეთ კონსერვი ცხლად.

დღე მეშვიდე. იმის გამო რომ მანქანამ ანატორს იქით არ წაგვიყვანა და ღამეც შესაბამისად იქ გავათენეთ, მეორე დღისით დილით დავიძარით. გზა ვიცოდით რომ საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, მაგრამ მსიამოვნებდა იმის გაფიქრება რომ ამ დღეს გადასვლა თუ ვერა აწუნთას ძირს მივადგებოდით და მეორე დღეს მაინც გადავხედავით უკვე ნატვრად ქცეულ თუშეთს.  საბოლოოდ რომ დავთვალე ფეხით 22 კმ გვივლია, მაგრამ ეს მანძილი არ გამოხატავს მხოლოდ იმ დაძაბვას და დაღლას რაც სრულად იყო, მარტო ერთ პატარა მონაკვეთში ბილიკ-ბილიკ ავკრიფეთ უზარმაზარი სიმაღლე. მოკლედ დილით დავიძარით. მე და ირაკლი დავწინაურდით მდინარე ანდაქის ნაპირ ნაპირ სწრაფად ვიარეთ და მუცოს ციხე კოშკების ძირასაც პირველები მივედით, ვიდრე სხვები წამოგვეწეოდნენ მაღლაც ავედით და დავათვალიერეთ კიდეც. ულამაზესია მუცო და უფრო ლამაზი ხედი იშლება იქიდან, ამიტომ იყო რომ აქ პირველად მყოფი ირაკლი ემოციას ვერ მალავდა.  უცოდან დავეშვით და ანდაქის ხეობიდან ხონესწყლის ხეობაში ავუხვიეთ, რთული გზა ამ დღეს ჯერ კიდევ არ გვევლო ნამდვილად უბრალოდ მანძილი იყო დიდი, მაგრამ ეს მანძილიც სწრაფად დავფარეთ. სოფელ ხონესჭალას გავცდით და აწუნთის უღელტეხილისაკენ მიმავალ ბილიკამდე სადღაც 12:30 წუთზე ვიყავით. წყალი ავავსეთ, ამოვისუნთქეთ და ასვლა დავიწყეთ. ეხლა გაცილებით ადვილია ამის გახსენება რაც ამ ბილიკზე გადავიტანეთ.
საკმაო დახრილობის მოკლე-მოკლე სერპანტინის მსგავსი ბილიკებით, სულ რაღაც 1 კმ გავიარეთ სიგრძეში თუმცაღა სიმაღლით სადღაც 1000 მ ზე მეტით ავედით მაღლა. ბილიკები თავიდან უტყეო ბუჩქნარიან ფერდობს მიუყვება, საიდანაც კარგად ჩანს ხონესწყლის ხეობა და სოფელი ხონე, შემდეგ ტყეში შედის და ალპურ მდელოზე გრძელდება. საბოლოო ჯამში ქედის თხემზე ადის და უღელტეხილამდე ხან ქედის თხემს და ხანაც ფერდობს მიუყვება ჩრდილოეთით. თხემზე ასულებმა ლამის გამოვიძინეთ ისე კარგად დავისვენეთ, საჭმელიც ვჭამეთ და ამოვიქაქანეთ კიდეც. ამის შემდეგღა დავიძარით,  გზა საერთოდ არ იყო რთული უბრალოდ ხანდახან ფერდობზე მიწა ჩაშლილი გვხვდებოდა ბილიკზე და ტემპის დაგდება გვიწევდა. მაინც დაღამებამდე მივედით აწუნთას უღელტეხილის ძირში, მეორე დღისთვის არცთუ ისე ბევრი მანძილი გამოჩნდა გასავლელი, წინა საღამოს დანამული კარავის ტენტი გავაშრე იქ მქროლ ცივ ნიავზე. მერე კარავიც გავშალეთ და მზეც ჩავიდა. ჩავიდა ულამაზეს ფერებად შეფერილი ღრუბლების ამალასთან ერთად. ციოდა ძალიან, ღამეს დაახლოებით 3000 მ სიმაღლეზე ვათევდით, საჭმელიც კი არ გვიჭამია ნორმალურად, წყლის მოტანა დაგვეზარა. მეც ჩაცმული შევწექი საძილე ტომარაში, იმ იმედით რომ მალევე ჩამეძინებოდა და მეორე დღეს, კარგი ამინდი იქნებოდა, შესაბამისად ხალისიც გვექნებოდა აწუნთას უღელტეხილის დასალაშქრად.