ლომის მთა, წელიწადის დროები, ბორჯომ-ხარაგაული — ფოტო/ფოტოები#9

ბორჯომ ხარაგაულის პარკი, ლომის მთის (1-ლი) ბილიკზე, ერთიდაიგივე ადგილიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები 🙂

gazafxuli
გაზაფხული
zafxuli
ზაფხული
shemodgoma
შემოდგომა
zamtari
ზამთარი

ალავერდი

 

მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში.

გურამ რჩეულიშვილი, «ალავერდობა», 1959 წლის 28 სექტემბრის ღამე. თელავი

ალავერდი♥

ალავერდი♥

 

 

სამშვილდე

 

dscf9640

 

«არს ციხე ორბეთი, აწ წოდებული სამშჳლდე. აღაშენა ქართლოს, და პირველმან მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთოდ და ქალაქი. არამედ იყო მეფის სჳმონისამდე ქალაქი. არს ფრიად მაგარი, სამჴრით უდის ქცია, ჩდილოთ უდის ჭივჭივა; საშორისსაზედა არს გარდავლებული ჴრამით ჴრამამდე ზღუდე განიერი და მაღალი. კუალად გარე მის ქალაქისა ზღუდე გარდავლებული, ეგრეთვე დიდროვანითა ლოდითა. ციხესა შინა აღაშენა ეკლესია გუმბათიანი მეფემან მირდატ, შემუსრა ლანგ-თემურ, მერმე ოსმალთა. ზაფხულ არს ცხელი, ზამთარ ცივი, არამედ მშუენი და კეთილ-ჰაოვანი.»

ვახუშტი ბაგრატიონი, «აღწერა აწინდელისა ქართლისა»

 

«ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი სამშჳლდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს. თევდორეს, ჭყონდიდელისა დის-წულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ რა მეფე გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს; და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე.»

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, «ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი»

მესხეთი, შემოდგომა, მზე – ფოტო/ფოტოები#8

რკონის და თუშეთის შემოდგომის სერიების შემდეგ……

ეს ფოტოები წლევანდელი შემოდგომისაა, მესხეთში გადაღებული. ურაველის ხეობა, შორეთი, მტკვრის ხეობა…

ბუნება საოცარი მხატვარია, და როდესაც მხატვარმა იცის საქმე……

😉

თუშეთი, შემოდგომა, ნისლი – ფოტო/ფოტოები#7

 

ეს თუშეთის წლევანდელი ფოტოებია. ამ წასვლამდე, ბოლოს 2 წლის წინ გახლდით. ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი — ყველა პერიოდში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი საოცარი ფერები არ მახსოვს. მითუმეტეს, რომ მთის წვერებსა თუ ფერდობებზე გემრიელადაც ჩამოთოვა. აბანოს უღელტეხილზე კი საერთოდ ზამთარი დაჰპატრონებოდა ყველაფერს ცივი, თოვლიანი და ქარიანი.

სვანეთი, შხარა, ლამარია – ფოტო#6

გავაგრძელებ სვანეთის სერიას და ზამთრის სვანეთიდან უშგულისაკენ გავაპარებ მზერას. ულამაზესი ადგილია, ულამაზესი სოფლები. ჩემთვის აქაურობა ამ სურათთან, ამ ხედთან ასოცირდება, ლამარიას სალოცავი და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მუდმივად თოვლით დაფარული მთის ფერდობი IX-X საუკუნის ბაზილიკის და კოშკის ფონად. მართალია ხშირად გაეხვევა ხოლმე ეს ფერდობი ღრუბლებში თუ ნისლში, მაგრამ ესეც სხვანაირ იდუმალებას და მისტიურობას მატებს ამ ხედს.

DSCF9923
ლამარია და შხარა, უშგული, სვანეთი

სვანეთი, ზამთარი, თოვლი – ფოტო#5

რა ხანია არც არაფერი გამომიქვეყნებია, მითუმეტეს არც დამიწერია. არაა სამაგისო დრო. რამდენიმე სურათს მაინც ავტვირთავ დროდადრო მოკლე კომენტარებით. და ამ მოკლე სერიის ნაწილს სვანეთს დავუთმობ.

მოკლედ, რომ ვთქვა სვანეთი სხვა განზომილებაა, სულ სხვა სამყარო, სამყარო რასაც ვერ შეადარებ ვერაფერს. ალბათ ყველამ უნდა ნახოს. თუმცა ამჟამად სხვა რამე მინდა ავღნიშნო: შეიძლება სვანეთი ათჯერ ნახო, ასჯერ ან ათასჯერ, მაგრამ ერთხელ მაინც უნდა მოახერხო ეს ზამთარში. იმიტომ, რომ თეთრად შემოსილი, თოვლის საბან გადაფარებული, უზარმაზარი მთები, მათ შორის შავ-ლურჯ ზოლად მდინარეებით  დასერილი ხეობები, უცნაური ფერის ტყესავით თოვლიდან ამოზრდილი კოშკები, დედამიწაზე სხვაგან არსადაა ერთად ასეთი ღვთაებრივი გემოვნებით თავმოყრილი.

DSCF3728
მესტია, 2014 წლის ზამთარი

«ქალის ციხე», როგორც ასეთი…

რამდენიმე წლის წინ ერთი პოსტი გამოვაქვეყნე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უცნობ ძეგლს შეეხებოდა. მის შესახებ გადმოცემით ვიცოდი. გარდა იმისა, რომ ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველი იყო, ინფორმაციაც თითქმის არ არსებობდა. მაშინ სურვილი გამოვთქვი: მოგვეძებნა ეს ციხე, უფრო სწორედ რაც მისგან დარჩა. ამის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები აქეთ ორჯერ ვიყავით და მეორე ცდაზე მივაგენით კიდეც. ამაზე აღარ დამიწერია. რამდენიმე დღის წინ ჩემი ძველი სურვილი ფეისბუქის საშუალებით გავაზიარე და რადგან ინტერესი დიდი აღმოჩნდა იმ აღწერას შემოგთავაზებთ რაც ხელთ მაქვს.

მოკლედ, შევეცადე რაღაც ინფორმაცია მომეპოვებინა. ერთი რაც ყველაზე საგულისხმო იყო: სავარაუდოდ აქ უნდა ყოფილიყო ქართველ მეფეთა ცივის საზაფხულო რეზიდენცია. “მტრობა აღუჩნდათ და წახდნენ” (ე. ი. დასუსტდნენ), მაშინო, გვაუწყებს წყარო, “რა დრო დაიცა გიორგიმ ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომლებიც ჩინგიზთ მიუდგნენ, კახეთს ცივზე მოაწივა და ამოსწყვიტა”.

გიორგი_V_ბრწყინვალე

საქართველოს ისტორიაში, ეს ცნობილი ფაქტი ერთერთი ყველაზე რადიკალური სადამსჯელო მოქმედებაა, რომელიც მაშინდელმა მეფემ გიორგი ბრწყინვალემ განახორციელა. ფაქტი ფაქტად, თუმცა ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ შეუძლებელია მეფეს დარბაზობა მოეწყო ღია ცის ქვეშ და იქ დაებარებინა, მაშინდელი დროის საქართველოში ყველაზე გავლენიანი პირები. ასევე ლოგიკურია ვიფიქროთ ისიც, რომ ამისათვის საკმაოდ დიდი ნაგებობა უნდა არსებულიყო. ამ დროისათვის ყველაზე ცნობილი ნაგებობა, რომელიც ახლომახლოს მდებარეობს მანავის ციხეა, მაგრამ მაშინ არ იქნებოდა ხაზი გასმული იმისათვის რომ „კახეთს ცივზე მოაწივა“. მოგეხსენებათ ცივ-გომბორის ქედის ყველაზე მაღალი წერტილი მთა ცივია (1991 მ), მაგრამ მსგავსი ნაგებობა იქ ნამდვილად არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს მეორე მთა, მანავის ცივი (1681 მ), რომელიც სოფელ მანავის ჩრდილოეთით დაახლოებით 8-10 კმ-ში მდებარეობს. ტოპოზე ძებნისას ერთერთ ადგილს სახელად ქალის ციხე ერქვა, თუმცა იქ ძებნა გამოირიცხა თავიდანვე რადგან სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ იქ მსგავსი არაფერი იქნებოდა (ის ადგილი ხვდება მარიამჯვარის ნაკრძალის ტერიტორიაზე და იქ მსგავსი ნაგებობა ნამდვილად არაა).

ვიდრე უშუალად ძებნას დავიწყებდით საჯარო ბიბლიოთეკა მოვინახულე და იქ ადრეულ წლებში გამოცემული ადგილობრივი გაზეთის ერთ საინტერესო სტატიას მივაგენი. აღნიშნულის შემდეგ უფრო დარწმუნებით გადავწყვიტეთ, რომ სოფლების მანავის და თოხლიაურის ჩრდილოეთით უნდა გვეძებნა.ჩემს მიერ შედგენილი მცირე რუკა

პირველ ჯერზე სადღაც 25-30 კმ ვიარეთ, ადგილობრივებთან კითხვით, მიახლოებითი გზის აღმოჩენით სოფელ თოხლიაურიდან ხევს ავყევით და თურმე ციხეს ქვევიდანაც მივადექით, მაგრამ ისეთი მდებარეობა აქვს ვერც დავინახეთ და ხევიდან მისვლა შეუძლებელი იყო, როდესაც შემოვლითი გზა მოვძებნეთ გზიდან დავინახეთ ძალიან შორს და ძალიან ცუდად ჩანდა ჯერ კიდევ გაუფოთლავ ტყეში. იმ დღეს უკვე შეუძლებელი იყო იქ მისვლა მიუხედავად მცდელობისა, თუმცა ამ ჯერზე უკვე ზუსტად ვიცოდით რა გზით უნდა გვევლო.

ScreenCapture
GPS მონაცემები

მომდევნო ჯერზე ისევ სოფელ თოხლიაურიდან დავიწყეთ სვლა, ტყის სამანქანო გზას ავყევით ნასოფლარ თარაქისაკენ და შემდეგ აქედან მანავის ცივისკენ ავკრიფეთ სიმაღლე. ამ წერტილს რომ მივაღწიეთ 1650 მ დან დაახლოებით 800 მ მდე მოგვიწია დაშვება, რადგან იქ სადაც ნაგებობაა სხვა გზით შეუძლებელია მისვლა. ეს პატარა ქედი ნახევარკუნძულივითაა გამოზიდული მთავარი ქედიდან. სამი მხრიდან ღრმა და ციცაბო ხევი აკრავს, გრუნტი ფხვიერია და იშლება. დაშვების დროს თოკიც კი გამოვიყენეთ ერთგან, რადგან ბილიკი ისე ვიწროვდება რომ ერთი ადამიანი თუ გაივლის, რამდენიმეგან მიწა ჩაშლილი იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მივაღწიეთ ადგილამდე. აღწერით დიდად არ შეგაწყენთ თავს ფოტოები უფრო იტყვიან სათქმელს მე მხოლოდ მოკლედ მოვყვები რა დაგვხვდა.

ციხე
ბოლო მონაკვეთი

უკვე ავღნიშნე აქამდე საცალფეხო ბილიკი მიდის, გარშემო ღრმა ხევებია. ტერიტორია საკმაოდ დიდია. სულ ბოლოში კოშკის ნაწილია შემორჩენილი, გარშემო კლდე ჩაქცეულია თუმცა კედლის კვალი მაინც ეტყობა.დასაწყისში კი შემაღლებულზე ნაეკლესიარია, უფრო სწორი იქნება ვთქვათ ნასაყდრალი.

IMG_0045
ნაეკლესიარი
IMG_0047
ნაეკლესიარი

ტერიტორიაზე ქვებია მიმოფანტული, ისეთივე რითაც ეკლესია და კედლის გადარჩენილი ნაწილია ნაგები. იქაურობა მთლიანად ტყითაა დაფარული, ძირითადად რცხილით და მუხით. კოშკიდან კარგად მოსჩანს მანავის ციხე და სამხრეთით მთლიანი ჰორიზონტი, არადა საპირისპირო მხრიდან, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ საერთოდ არ ჩანს ეს კოშკი.

IMG_0077
გადარჩენილი კოშკი

საგაზეთო სტატიაში, რომელიც 1960 წელს არის გამოქვეყნებული ტერიტორიის ჩრდილოეთით კიდევ ერთ კოშკზეა საუბარი, რომელიც სავარაუდოდ დაინგრა (არა მგონია ამდენ ადამიანს ვერ შეგვემჩნია იქ ყოფნისას).

მოკლედ ეს იყო სულ, რაც მინდოდა მომეყოლა. რამდენად საინტერესოა არ ვიცი, მაგრამ ვარაუდი რომ აქ უნდა ყოფილიყო სწორედ ის რეზიდენცია სადაც XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ ურჩი თავადები დასაჯა, საფუძველს ნამდვილად არაა მოკლებული.

უკანა გზაზე სოფელ მანავისკენ დავეშვით, გზაზე გვხვდება ნაეკლესიარები, თარაქის ვედრებელა, ნასოფლარი თარაქი, სოფელი ბურდიანი და ჩამოვდივართ სოფელ მანავში.

IMG_0062
ვედრებელა

El Sabio de Hortaleza – ბრძენი ჰორტალეზადან

მწვრთნელი

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანზე დამეწერა. თუმცა მიახლოებითი მიზეზი მაინც ვიცი: მან თავისი პროფესიული მოღვაწეობის ყველაზე დიდი დრო ჩემს საყვარელ საფეხბურთო კლუბს დაუთმო. საკლუბო ფეხბურთს თუ არ შევეხებით სანაკრებო დონეზეც სწორედ იმ ნაკრებს მოუტანა  დიდი ტიტული, რომელსაც ევროპაში ყოველთვის ვგულშემატკივრობდი აქ მოთამაშე ფეხბურთელების და მათი ქარიზმატული თვისებების გამო.  შეალია წლები «ატლეტიკოს» და მსოფლიოში ესპანეთის საფეხბურთო ერას დაუდო სათავე. როდესაც მისი გარდაცვალების შემდგომი კადრები ვნახე, თუ როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე მივხვდი რომ ის გაცილებით დიდი ადამიანი და მწვრთნელი იყო ვიდრე ქვემოთ მოცემულ ტესტშია აღწერილი. დიდი ხანია რაც ეს ვორდის ფაილი შენახული მაქვს, ეხლა გადავაწყდი და გამოვაქვეყნებ. ძირითადად ნათარგმნია და ამიტომ შეიძლება გარკვეულწილად მშრალიცაა, მაგრამ რაცაა ეგაა. 

მოკლედ მეგობრებო ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ:

 

ხოსე ლუის არაგონეს სუარესი [José Luis Aragonés Suárez, 28/07/1938 – 01/02/2014] — ესპანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. საფეხბურთო კლუბების შეხება ჰქონდა  ესპანეთის თითქმის ყველა წამყვან კლუბთან.

პრიზი

ფეხბურთელი

დაიბადა მადრიდში, ჰორტალეზას რაიონში, პატარა ასაკში შეამჩნიეს „ხეტაფე დეპორტივოს“ სელექციონერებმა, სწორედ აქ დაიწყო მისი, როგორც ფეხბურთელის კარიერა. წარმატებული გამოსვლების შემდეგ მას ყურადღება „სამეფო კლუბმა“ მიაპყრო და 1958 წელს უკვე მათი საკუთრება გახდა. მიუხედავად ამისა მას არცერთხელ არ მოურგია „რეალის“ ძირითადი გუნდის მაისური. იგი გაანათხოვრეს. ამ პერიოდში ითამაშა „რეალის“ სარეზერვო გუნდ „პლუს ულტრაში“, „უელვაში“ და „ერკულესში“. პრიმერაში მისი დებიუტი 1960 წლის 11 დეკემბერს შედგა, როდესაც იცავდა „რეალ ოვიედოს“ ღირსებას „მალიორკასთან“ გასვლით მატჩში. მომდევნო სეზონში კი გაწყვიტა თავისი კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ და სევილიის „ბეტისთან“ ერთად სამი სეზონის (1961-64)  განმავლობაში გამოდიოდა პრიმერა დივიზიონში. ამ ხნის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 82 მატჩში და მეტოქეთა კარი 33 ჯერ დალაშქრა.

ფეხბურთელი

1964 წელს არაგონესმა კარიერა „როხიბლანკოში“ გააგრძელა. სწორედ მადრიდის „ატლეტიკოს“ შემადგელობაში იქცა იგი საყოველთაოდ ცნობილ ესპანელ ფეხბურთელად, როგორც შეტევების კარგი ორგანიზატორი და გოლეადორი. პირველივე სეზონში გუნდთან ერთად მოიგო სამეფო თასი და დაიკავა ჩემპიონატში მეორე ადგილი, ხოლო მომდევნო სეზონში ლა ლიგა „ატლეტიკოს“ გამარჯვებით დასრულდა. შემდგომში ლუისმა წითელ-თეთრებთან ერთად კიდევ ორჯერ მოიგო პრიმერა დივიზიონი და ერთხელაც სამეფო თასი.

1969-70 წლების სეზონში „ატლეტიკოს“ ფორვარდმა პიჩიჩის ტიტული მოიპოვა თანაგუნდელ გარატესთან და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელ ამანსიოსთან ერთად 16 გოლით. ამ დროს შეარქვეს მას მეტსახელი „Zapatones“ რაც ქართულ თარგმაში „დიდ ბუცს“ ნიშნავს.

კარიერა ფეხბურთელმა არაგონესმა 1974 წელს დაასრულა მიუნხენის „ბაიერნთან“ ნათამაშები, ჩემპიონთა თასი, ცნობილი ფინალის შემდეგ.  პირველი მატჩი ფრედ 1-1 დამთავრდა, მეორეში კი მიუხენელებმა 4-0 იმარჯვეს. თუმცა ფრედ დასრულებული მატჩი დრამატული აღმოჩნდა, რადგან დამატებითი დროის 119 წუთზე სწორედ არაგონესმა გახსნა ანგარიში და ზუსტად ერთ წუთში მატჩის დასასრულს გაუშვა.

საბოლოო ჯამში, ამ ადამიანმა პრიმერაში 360 მატჩი ითამაშა და 161 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი გოლი კარიერაში მან „ვალენსიას“ გაუტანა (15) და მთელი კარიერის განმავლობასი სამჯერ იქნა მინდვრიდან გაძევებული.  ჩემპიონთა თასზე 22 მატჩში კი, 8 გოლი გაიტანა

ესპანეთის ნაკრებში ლუის არაგონესმა მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. დებიუტი 1965 წლის 8 მაისს შედგა შოტლანდიასთან (0-0), ხოლო ბოლოს 1972 წლის 12 იანვარს მადრიდში უნგრეთთან ითამაშა (1-0). რაც აღსანიშნავია იმ 11 მატჩში რომელშიც ფეხბურთელი მონაწილეობდა ესპანეთის ნაკრებს არცერთხელ არ წაუგია.

 

სამწვრთნელო კარიერა

საკლუბო ფეხბურთი

1974-75 წლების სეზონიდან „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებმა ლუის არაგონესს კლუბის მთავარი გუნდის გაწვრთნა შესთავაზეს, არადა იმ წლის ჩემპიონატის პირველი ტურები ჩატარებული იყო და მას ნათამაშებიც კი ჰქონდა 6 მატჩი, როგორც ფეხბურთელს. მან მიიღო წინადადება „ჩამოკიდა ბუცები ლურსმანზე“ და დაიწყო გუნდის გაწვრთნა. ამავე დროს შეარქვეს ახალი მეტსახელი El Sabio de Hortaleza – „ბრძენი ჰორტალეზადან“. მოკლედ 1974 წელს მე-10 ტურში იგი უკვე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და პოსტზე ხუან კარლოს ლორენსო შეცვალა. ამ სეზონში მისმა გუნდმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა „ბაიერნმა“ უარი თქვა მონაწილეობაზე და ეს პატივი წილად ფინალისტ „ატლეტიკოს“ ხვდა, მანაც ორი მატჩის ჯამში არგენტინულ „ინდეპენდიენტეს“ სძლია. ეს ერთადერთი შემთხვევაა ამ თასის ისტორიაში როდესაც იგი თასის გამარჯვებულმა კი არა ფინალისტმა მოიგო. 1976 წელს ლუისის ხელმძღვანელობით გუნდმა კიდევ ერთი თასი მოიგო — სამეფო თასი. 1977-78 წლების სეზონში არაგონესმა კლუბი დატოვა, თუმცა მომდევნო წლების რამდენიმე ტურში და ბოლოს 1979-80 წლებში ისევ დაბრუნდა, მაგრამ სეზონის დასრულებამდე მოუწია მისი დატოვება. 1981 წელს მხოლოდ ერთ მატჩში უხელმძღვანელა სევილიის „ბეტისს“ („რასინიგთან“ 0-2 მარცხი).

1982-83 წლებში „ჯიუტი“ მწვრთნელი კვლავ „როხიბლანკოს“ დაუბრუნდა, მოიგო მასთან ერთად სამეფო თასი და ქვეყნის სუპერთასი (პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში). მისი მოღვაწეობა ამჯერად 1986 წლამდე გაგრძელდა.

ამის შემდეგ არაგონესმა იმუშავა ბარსელონაში (შეცვალა ტერი ვენეიბლზი და გუნდთან ერთად მოიგო სამეფო თასი), „ესპანიოლში“ და 1991 წელს ისევ დაბრუნდა „ატლეტიკოში“ და ამ გუნდთან ერთად მესამედ მოიგო სამეფო თასი.

არაგონესი და ხესუს ხილი

1993 წლიდან იგი ჯერ „სევილიას“ წვრთნიდა, 1995 წლიდან „ვალენსიას“, 1997 წლიდან „ბეტისს“, 1998 წლიდან „რეალ ოვიედოს“, 2001 წლიდან „მალიორკას“ და სწორედ აქ მოახდინა პატარა სასწაული: გუნდმა საკუთარ ისტორიაში დღემდე საუკეთესო სეზონი ჩაატარა და პრიმერა მესამე ადგილზე დაასრულა, ჩამორჩა მხოლოდ მადრიდის „რეალს (9 ქულით) და ლა კორუნიის „დეპორტივოს“ (2 ქულით). ბედის ირონიით მისი უკანასკნელი მატჩი „მალიორკასთან“ ერთად „რეალ ოვიედოსთან“ შედგა, ყოფილ გუნდს ახლანდელმა 4-2 მოუგო და ლა ლიგიდან გაისტუმრა.

2001-02 სეზონი ლუისმა ისევ „ატლეტიკოსთან“ (!!!) ერთად დაიწყო, 2004 წელს კი „მალიორკაში“ დაბრუნდა.

მწვრთნელი და ფეხბურთელი

მწვრთნელის რანგში მან საფეხბურთო კლუბები 1045 მატჩში გაიყვანა მინდორზე.

არაგონესი და ჩოლო

ესპანეთის ნაკრები

2004 წლის 1 ივლისიდან ლუის არაგონესი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდა, 2004 წლის ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამ პოსტზე მან ინაკი საესი შეცვალა. დებიუტი ამ რანგში მას 18 აგვისტოს ჰქონდა, ვენესუელასთან (3-2). ამავე წელს ბევრჯერ მოხვდა კრიტიკოსების თვალთახედვის არეში ტიერი ანრის წინააღმდეგ მიმართული რასისტული გამონათქვამების გამო.

მისი ხელმძღვანელობით ითამაშა ნაკრებმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიაში, თუმცა აქ მოსახვედრად გადათამაშება მოუწიათ, რადგან შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატზე კი მერვედფინალური მატჩი დათმეს 1-3 საფრანგეთთან და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,  ეს ნაკრების პირველი მარცხი იყო მისი მწვრთნელობით აქამდე  ჩატარებულ 25 მატჩში. ამ მარცხის შემდეგ ლუის არაგონესმა დააპირა გადადგომა პოსტიდან, თუმცა ფედერაციამ გაუგრძელა კონტაქტი ევრო 2008-ის დასრულებამდე.

ჩემპიონი და კაპიტანი

შესარჩევ ციკლში მათ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, ნაკრებმა ჩემპიონატზე ავსტრია-შვეიცარიაში, ჯგუფში გაიმარჯვა. შემდეგ, ზედიზედ დაამარცხა თერთმეტმეტრიანების სერიაში იტალია, ძირითად დროში კი — რუსეთი, გერმანია და 1964 წლის შემდეგ პირველად ესპანეთის ნაკრებმა მოიგო დიდი საფეხბურთო ტურნირი.

ჩემპიონი

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, როგორც კონტრაქტით გათვალისწინებული იყო არაგონესმა დატოვა პოსტი, იგი აქ ვისენტე დელ ბოსკემ შეცვალა. ამის შემდეგ მცირე ხნით მან სტამბულის „ფენერბახჩეში“ და მექსიკურ „ამერიკაში“ იმუშავა. ამის შემდეგ „ფენერბახჩეს“ პრეს ცენტრა გაავრცელა ცნობა, რომ მწვრთნელთან კიდევ ერთხელ მიაღწია შეთანხმებას 2 წლიანი კონტრაქტის თაობაზე…..

2014 წლის 1 თებერვალს ლუის არაგონესი მადრიდში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქუჩა

სტადიონი

რკონი, იკვი, შემოდგომა – ფოტო/ფოტოები#4

შარშან 14 ოქტომბერს მეგობრებთან ერთად თეძამის ხეობას ვეწვიე. გარდა იმისა, რომ სვეტიცხოვლობა დღე იყო და შესაბამისად დასვენება, გვინდოდა ეს დღე შემოდგომის ფერებით გამორჩეული ყოფილიყო. სწორედ ამ მიზეზით შეირჩა თეძამის ხეობა. ჰოდა მოლოდინმა გაამართლა, ამინდი კარგი დაგვემთხვა და ათასფერ ხალიჩასავით აჭრელებულმა ტყემაც არ დაგვწყვიტა გული. სწორედ ეს ფოტოები მინდა გაგიზიაროთ.

პ.ს. ხარისხი ცოტა ვერაა ჯანზე, მაგრამ იმედია მაპატიებთ 🙂

თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
თეძამის ხეობა
იკვი
იკვი