მოგზაურობა სამხრეთში – დასაწყისი, დღე 1

შესავალი

ის მოგზაურობა, რომელზეც მინდა ოთხი წლის წინ იყო. ეს არც ისე ბევრია, რომ ყველაფერი დაგავიწყდეს და არც ისე ცოტა რომ ყველაფერი გახსოვდეს. აქედან გამომდინარე ბევრი სახელი და დეტალი შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ მთავარი – ემოციები, შთაბეჭდილებები უცვლელია, გამყარდა და ნოსტალგიამაც კი ჩაანაცვლა. ვეცდები საინტერესოდ და არა დამღლელად მოვყვე ყველაფერი, ნაწილს ფოტოები მოგვიყვება. ბევრი ჩანაწერი რამდენიმე თვის მერე გავაკეთე მოგზაურობის დასრულებიდან, ნაწილიც მერე შეივსო.

დაგეგმვა რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. სამნი ვიყავით: მე, ავთო და ირაკლი. ერთხმად სამცხე-ჯავახეთი და აჭარა გადაწყდა. მანქანა (Jeep Grand Cheroke Laredo 2006_3.7 V) 6 თვის ნაყიდი მყავდა და მისთვის საინტერესო გამოცდა იყო ის მარშრუტი რაც ავარჩიეთ.

სამცხე-ჯავახეთი ამოუწურავი თემაა ჩემთვის, ჯავახეთის მისტიკა და მთლიანად რეგიონის იდუმალება ყოველთვის მიზიდავდა. არაა არც ერთი კუთხე მძიმე და დიდებული წარსულის კვალი ასე რომ აჩნდეს. ეკლესიების, ციხეების, ქვაბულების და ნასოფლარების რაოდენობა ყველაფერზე ერთად მეტყველებს. მთიანი აჭარა ცალკე მისტიური და ზღაპრული სამყაროა, ხასხასა სიმწვანე, მთები და სოფლები რომლის მსგავსსაც ვერ შეხვდებით ვერსად დედამიწის ზურგზე, განსხვავებული და საოცარი ყველაფრისაგან. ამ ყველაფრის მერე კი ზღვა, რომელიც ზაფხულში ყველაფერზე მეტია ხოლმე. გეგმაში საკმაოდ ბევრი ძეგლი და ადგილი შევიტანეთ, თუმცა რა თქმა უნდა ვიცოდით, ყველაფერს ვერ მოვასწრებდით. არ იცი რა გარემოება გამოგიხტება, რა გზა დაგხვდება ან რა ამინდი. მარშრუტი თითქმის ორ კვირაზე გავწერეთ, კარვებით და მანქანით, ფეხით სასიარულოც მაგრამ არა იმდენი. ადგილები ისეთი სადაც არ ვიყავით ნამყოფი, მარტო ჩვენ კი არა ალბათ მოგზაურების 99 %. ზოგი მიუვალია, ზოგიც არაპოპულარული. პერიოდი ისე ავარჩიეთ, რომ ყველაზე უნალექო დროს, აგვისტოს შუა რიცხვებს, დამთხვეოდა.

სამზადისი დიდად სასურველი საკეთებელი არაა ხოლმე: მანქანა, საკვები, აღჭურვილობა, დაგეგმვა, ფინანსების და საწვავის გამოთვლა, მარშრუტის მონიშვნა – ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს როდესაც სადმე ორი კვირით მიემგზავრები. მოკლედ ასეა თუ ისე 2019 წლის 13 აგვისტოს, დილით ჩვენ დავიწყეთ.

13 აგვისტო, 2019 წელი. თბილისი-ფარავანი-ნინოწმინდა-ახალქალაქი-თოკი-კვარშა (ყვარშა)-ჩუნჩხა-ახალქალაქი-ვარძია

დილით უთენია დავიძარით. ჯერ ირაკლის გავუარე. მერე ავთოს და წყნეთი-მანგლისის გზით წავედით ჯავახეთისკენ. მანქანა გაზზე იყო და მთელი ტურის განმავლობაში, მნიშვნელოვანი იყო მისი მარაგების შევსება იმისთვის რომ ფინანსები დაგვეზოგა.

პირველი გაჩერება ფარავნის ტბასთან იყო, ფოკასთან. თუ არსად გარბიხარ და ძალიან არ გეჩქარება ამ ადგილს გულგრილად ვერ ჩაუვლით. ფარავანი წყლის ზედაპირის ფართობით უდიდესია საქართველოში (37.5 კვ.კმ), ფოკაში კი ის ადგილია სადაც ლეგენდის თანახმად წმინდა ნინოს მწყემსები თევზით გაუმასპინძლდნენ. აქ ღია სამლოცველოა აგებული, ახლოს კი ფოკის მამათა მონასტერია.

ღია სამლოცველო ფოკაში

შესანიშნავი ხედი იშლება ჯავახეთის უმაღლეს მწვერვალ აბულზე (3305 მ. ზღვის დონიდან). ტბის გარშემო 5 სოფელია: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ტბიდან იღებს სათავეს მდინარე ფარავანი, იგივე ჯავახეთის მტკვარი.

ფარავნის ტბა, სოფელი ვლადიმიროვკა და მთა დიდი აბული, ხედი ფოკადან

მცირე ხნის შემდეგ გზა განვაგრძეთ ნინოწმინდისკენ, აქედან კი ახალქალაქისაკენ თან გზად გაზის გამოლეული მარაგი შევივსეთ და მდინარე ფარავნის ხეობაში დავეშვით.

შემდეგი გაჩერება სოფელი თოკი იყო, ის ახალქალაქი-ასპინძის გზიდან მაღლა დაახლოებით 4 კმ-ით არის დაშორებული. გზა ახალია, ბეტონ დასხმული და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი აღმართია ასასვლელი მისი ავლა პრობლემას არ წამოადგენს. წმინდა გიორგის ეკლესია სოფლის შესასვლელშია, გზიდან მარჯვნივ. ეკლესიას გავცდით და სოფლის ბოლოში გავედით, მდინარე ფარავნის კანიონს თავზე გადავადექით. ძალიან ლამაზი ხედი გადაიშალა, კანიონის გადაღმა პლატოზე სოფელი ჩუნჩხა გამოჩნდა. იქვე ადგილობრივი მკვიდრი იყო, რომელსაც გამოველაპარაკეთ. ვისაუბრეთ მოსავალზე, წყალზე, სკოლაზე სადაც თითქმის აღარ არიან ბავშვები, ოჯახებზე რომლებიც ტოვებენ სოფელს. დაბლა ფერდობზე მდებარე ეკლესიებზე გვითხრა და-ძმის ეკლესიებს ვეძახითო.

და-ძმის ეკლესიებიდან ერთერთი

ჰო დამავიწყდა თქმა სოფელი ეთნიკურად ქართველებითაა დასახლებული და 2014 წლის აღწერით 45 ადამიანი ცხოვრობს. უკან დავბრუნდით და ეკლესიის ეზოში შევედით, გარშემო ნანგრევებია.

სოფელ თოკის წმინდა გიორგის ეკლესია

ეზოში კი თითქოს სარემონტო სამუშაოები ჩანდა, არის საფლავის ქვებიც. თვითონ ეკლესია მოვლილია, გადახურული. ეზოდან გადაღმა სოფელი ხანდო მოსჩანს.

სოფელი ხანდო სოფელი თოკიდან

ეკლესია დარბაზულია, სავარაუდოდ XIV საუკუნეს განეკუთვნება. მოგვიანებით კი გადაკეთებულია.

თოკიდან ყვარშასკენ გავეშურეთ, ეს ეკლესია მდინარე ფარავნის კანიონის გადაღმა მდებარეობს მინდორში. თითქმის ხერთვისის თავზე. მანამდე კი ხეობაში დავეშვით, სოფელ თოკთან ფერდობზე ეკლესიები მოსჩანს, რომელსაც როგორც გვითხრეს და-ძმის ეკლესიებს უწოდებენ.

ხეობაში ჩამოვედით, ხიდზე გადავედით და საკმაოდ გაფუჭებული და ძველი გზით დავიწყეთ აღმართზე ასვლა. ახლა როლები შეიცვალა, ხეობა და სოფელი თოკი საპირისპირო მხრიდან გადაიშალა თვალწინ.

მდინარე ფარავნის ხეობა

ავედით ახალქალაქის პლატოზე (ასე ჰქვია გეოგრაფიულად ამ პლატოს), წინ კი უსასრულობაა, ჯავახური მინდვრები და სივრცე თვალუწვდენელი. თიბვის პერიოდი იყო. ზოგან მოეთიბათ, ზოგან ეხლა თიბავდნენ, ზოგანაც უკვე თივას აგროვებდნენ.

ჯავახური მინდვრები

გზიდან ჯერ მარჯვნივ წავედით, მარცხნივ სოფელი ჩუნჩხა დაგვრჩა. მინდვრის გზა იყო, მტვრიანი, მაგრამ კარგი სასიარულო. რამდენიმე კილომეტრში მივადექით ტრიალ მინდორში მდგარ ტაძარს – ყვარშას.

ყვარშას ეკლესია

ტაძართან ახლოს ხალხი შრომობდა, გამოველაპარაკეთ. ხერთვისელები იყვნენ კაცი და ბავშვი. ვისაუბრეთ პატარა ხანს. ფეხით ამოვდივართ ხოლმე სოფლიდანო, სამანქანო გზა არააო. არადა კარგა დიდი აღმართია.

ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, გარშემო ნასოფლარს ჰგავს ან კონსტრუქციების ნანგრევებს. შემორჩენილია ფრესკის ფრაგმენტები და 6 წარწერა.

ყვარშას ერთერთი წარწერა

ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება და როგორ ჩანს სოფლის ცენტრში იდგა. დარბაზულ ეკლესიაზე ალბათ მოგვიანებით მინაშენებია.

ყვარშას ეკლესია

აქედან უკან დავბრუნდით და გზაგასაყარიდან სოფელ ჩუნჩხასკენ გავემართეთ. ისტორიული სოფელია ჩუნჩხა. 

სოფელი ჩუნჩხა, ცენტრში მოსჩანს წმინდა გიორგის ეკლესია

324 კაცი ცხოვრობსო გვამცნობს 2014 წლის მოსახლეობის აღწერა. ზღვის დონიდან 1660 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელში ქართველები ცხოვრობენ, ნაწილი ადგილობრივი, ნაწილი კი ეკომიგრანტები აჭარის მაღალმთიანეთიდან რომლებიც თუ არ მეშლება 1989 წელს ჩამოუსახლებიათ და ერთმანეთის მსგავს სახლებში ცხოვრობენ. სოფლის განაპირას წმინდა გიორგის ეკლესიაა, დარბაზული. გარშემო ქვის ეზოთი. ისეთი ფერი აქვს ფასადს მარტო ჯავახურ ეკლესიებზე რომ შეგხვდებათ და სხვაგან არა, აი განსხვავებული ნაცრისფერ-მომწვანო. ტაძარში ფრესკები არაა. სამრეკლო ზედაა დაშენებული. ეზოში საფლავის ქვებია, სტელაც დგას. გარშემო ნასახლარებიც შეინიშნება ეკლესიის ღობის გარეთ. ეკლესია 1835 წელს აუშენებიათ.

სოფელ ჩუნჩხას წმინდა გიორგის ეკლესია

ჩუნჩხადან ახალქალაქისაკენ წავედით. გზად სოფლებია პტენა და დილისკა.

თვალისმომჭრელი, ჯავახური პეიზაჟი

გაზის მარაგი შევივსეთ და ისევ ფარავნის ხეობას ჩავუყევით, მტკვრის ხეობისაკენ. ძალიან ლამაზი გზაა მთელს ხეობაში, რომელიც ხერთვისის ციხის ლამაზი ხედით სრულდება.

მიმართულება გელსუნდას გამოქვაბულებისკენ გვეჭირა. ხერთვისიდან ვარძიისკენ მიმავალი გზიდან ხელმარჯვნივ, მტკვრის ხეობაში, მდინარის გაღმა მდებარეობს პატარა სოფელი გელსუნდა, აქ 1982 წელს აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სწორედ ამ სოფელთან არსებულ კლდეებშია ნაკვეთი ეს კომპლექსი. გამოქვაბულები გზიდანაც მოსჩანს. მიხედავად იმისა რომ სოფლამდე სამანქანო გზა მიდის, ძირითადი ნაწილი მაინც ორი საცალფეხო ხიდით სარგებლობს, რომელიც მდინარე მტკვარზეა დაკიდული. საავტომობილო გზა, სავარაუდოდ არასახარბიელო მდგომარეობაში, სოფელ ტოლოშიდან მიდის. ჩვენც ერთერთი საცალფეხო ხიდით ვისარგებლეთ და შემთხვევით ერთერთი მოსახლის ეზოში კი აღმოვჩნდით. გზაზე გავედით და გავუყევით გამოქვაბულებისკენ. ერთი ნაწილი გზასთანაა, მეორე კი სიღრმეში კლდეებთან. ნაწილი ჩამოშლილია.

გელსუნდას გამოქვაბულები

ადრე რომ ვიყავი ქვის კართან ჩასასვლელ გვირაბშიც შევძვერით, ეხლა კი ვეღარ გავიხსენე. გამოქვაბულები საცხოვრებლად და თავშესაფრად გამოიყენებოდა და სავარაუდოა, რომ პირვანდელი სახეც განსხვავებული ჰქონდა, ანუ როდესაც არ იყო დაზიანებული.

გელსუნდადან სოფელ ფიასკენ წავედით. აქ ერთმანეთთან ახლოს მდგომი ორი ეკლესია უნდა გვენახა. სოფელი მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. თავდაპირველად გზა აგვერია, არადა ჯიპიესს მივყევით, რადგან სამანქანო გზა არასწორად იყო დატანილი, ჩვენც სოფლისთვის შემოვლა დაგვჭირდა. ლანდშაფტი იმეორებს მტკვრის ხეობის ამ მონაკვეთის ლადშაფტს, ისეთივე როგორც ვარძიასთან, მირაშხანთან ან თუნდაც ასპინძასთან. ძირითადად კლდოვანი. სოფელი პატარაა, 2014 წლის აღწერით 104 ადამიანი ცხოვრობს. აქ სოფლის განაპირას, მაღალი კლდეების ძირას, გაშლილ ფერდობზე ორი დარბაზული ეკლესია დგას, წმინდა თევდორეს და წმინდა გიორგის სახელობის.

ფიას ეკლესიები: წინა პლანზე წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია, უკან მოსჩანს წმინდა გიორგის სახელობის დანგრეული ეკლესია

წმინდა თევდორეს ეკლესია კარგ მდგომარეობაშია, წმინდა გიორგის კი კედლებია ნაწილობრივ დარჩენილი. ორივე მათგანი X საუკუნეს განეკუთვნება და ერთმანეთს დაახლოებით ასი მეტრი აშორებს. ჩემთვის ძალიან ლამაზი სანახავი იყო ეს ლანდშაფტს შეზრდილი ორი ეკლესია. წმინდა თევდორეს ეკლესიაზე წარწერაა, რომელიც იუწყება, რომ ეკლესია 995 წელს აუშენებიათ: „სახელითა ღმრთისაჲთა მე ჩქარმან, და ძმათა ჩემთა დავდგით ესე ეკლესიაჲ.“ ნაგებია გათლილი ქვით და საოცრად პროპორციული ჩანს.

ფიას ეკლესიები, წმინდა თევდორე და წმინდა გიორგი

წმინდა გიორგის ეკლესია დანგრეულია, მხოლოდ დაზიანებული კედლებია გადარჩენილი. ეს ნაშთებიც საკმარისია ამოიცნო თუ რა ლამაზი და პროპორციული ეკლესია იყო. კედლებზე დღესაცაა შემორჩენილი ბოლნური ჯვარის, მზის და ცხოველის გამოსახულებები.

წმინდა გიორგის ეკლესიის მორთულობა

ეკლესიების გარშემო ეტყობა ნასოფლარია, მასზე თავწამომდგარ კლდეებში კი გამოქვაბულები მოსჩანს.

საპირისპირო კადრი: წინა პლანზე ამჯერად წმინდა გიორგის ეკლესია მოსჩანს, უკან კი წმინდა თევდორესი.

სოფელ ფიადან ვარძიისკენ წავედით, საღამო ახლოვდებოდა და ჩვენც უნდა დავბანაკებულიყავით. იქვე ვარძიასთან რამდენიმე კარგი საბანაკეც მეგულებოდა და იმასაც ვეშურებოდი. პირველად ვარძიასთან დაბლა მტკვრის პირას მივედით, ხეების პატარა კორომია, თვალისგან მოფარებული ხარ, ჩრდილია, მდინარეც იქვეა და მოსწორებული მწვანე მოლიც. იმედი გაგვიცრუვდა უკვე ათვისებული დაგვხვდა უცხოელი ტურისტების მიერ. გზა გოგირდის აუზისკენ განვაგრძეთ, ეზოში კარგი საბანაკეა. ადრე რამდენჯერმე დავბანაკდით, ამჯერადაც აქ გავშალეთ კარვები.

Leave a comment